საოლქო კომისიების მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმების გაუქმების თაობაზე სამართლებრივი ბრძოლა სააპელაციოში გრძელდება
საოლქო კომისიების მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმების გაუქმების მოთხოვნით სამართლებრივი ბრძოლა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გრძელდება.
ორგანიზაცია "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", კოალიცია "ძლიერმა საქართველომ" და "ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" სააპელაციოში სარჩელი უკვე შეიტანეს.
მესამე სექტორი და ქართული ოპოზიცია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 13 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს და ყველა ელექტრონულ უბანზე არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს.
სავარაუდოდ, სასამართლო სხდომა ხვალ, 15 ნოემბერს გაიმართება და შესაძლოა, სააპელაციომ საქალაქოს მსგავსად სარჩელები გააერთიანოს.
ცნობისთვის, გუშინ, 13 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ქართული ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებული სარჩელი საოლქო კომისიების მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმების გაუქმების თაობაზე არ დააკმაყოფილა.
მოსამართლე ივერი აბაშიძე ცესკოს წინააღმდეგ ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის გაერთიანებულ სარჩელს განიხილავდა.
- "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" მიიჩნევს, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მონიშვნის გამოჩენის გამო, ყველა ელექტრონულ უბანზე დაირღვა ამომრჩეველთა ხმის ფარულობა და შედეგები უნდა გაუქმდეს;
- იმავეს ამტკიცებენ ოპოზიციური პარტიები - მათი თქმით, საარჩევნო უვბნებთან მოსყიდვას, დაშინებას და დამკვირვებლების საქმიანობაში ხელშეშლას სისტემური ხასიათი ჰქონდა.