"დანებებას არ ვაპირებთ!" - ბათუმში უწყვეტ პროტესტს სულ უფრო მეტი სტუდენტი უერთდება
თბილისის პარალელურად, საპროტესტო მუხტი იზრდება ბათუმშიც. ამ წუთებშიც სტუდენტები სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არიან გამაგრებულები. დღეს ზუსტად 18:00საათზე ახალგაზრდები თანამოაზრეებს უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე შადრევანთან ელოდებიან. დაანონსებული აქცია გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ. უწყვეტი პროტესტის რეჟიმში გადასული სტუდენტების რიცხვი ყოველ საათობრივად იზრდება.
არ შევეგუებით ქვეყნის გარუსებას, არ დავუშვებთ ხმების მოპარვას, ვითხოვთ ახალ არჩევნებს თავისუფალ და სამართლიან გარემოში! - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
რთული ღამე იყო, მაგრამ გადავაგორეთ და კიდევ უფრო მეტს გადავაგორებთ. დღეს 18:00 საათზეა აქცია, ველოდებით რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და უნდა გავიაზროთ, რომ ეს პროცესები იქნება ძალიან ვრცელი და ბრძოლაც იქნება ძალიან რთული, მაგრამ ამას ვაკეთებთ ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი ერისთვის, ჩვენი საყვარელი ადამიანებისთვის და ის, რომ ჩვენ ქვეყანას რაც ეკუთვნის, ის, რომ უნდა იყოს ევროატლანტიკური ალიანსის წევრი, ეს ბრძოლა მივიყვანოთ ბოლომდე, - ამბობს სტუდენტი.
ჩვენი პროტესტი არის გრძელვადიანი. არ ვაპირებთ დანებებას და გავაგრძელებთ პროტესტს უწყვეტ რეჟიმში. რაც შეეხება აქციას, გვაქვს მოლოდინი, რომ შემოგვიერთდება ბევრი, მათ შორის სტუდენტები, მათ შორის სხვა თაობის წარმომადგენლებიც, რადგან ჩვენ გვჭირდება არნახული ერთიანობა და ამ ერთიანობით შევძლებთ მხოლოდ ამ უსამართლობასთან შეწინააღმდეგებას და საბოლოოდ გამარჯვებას, - ამბობს ახალგაზრდა.