"ოცნებამ" და მისმა ტიტუშკებმა უნდა იცოდნენ, რომ უნივერსიტეტთან 200 პოლიციელის დაყენება, სტუდენტს თავისუფლებას ვერ შეუზღუდავს
"ქართულმა ოცნებამ" და მისმა ტიტუშკებმა უნდა იცოდნენ, რომ უნივერსიტეტთან 200-300 პოლიციელის დაყენება, სტუდენტს თავისუფლებას ვერ შეუზღუდავს - ამის შესახებ ჭავჭავაძის გამზირზე მყოფმა ერთ-ერთმა სტუდენტმა განაცხადა.
ახალგაზრდა ფიქრობს, რომ სტუდენტების სამართლიანი პროტესტი "რუსულ ოცნებასა" და მის მხარდამჭერებს აღიზიანებს.
რა თქმა უნდა, ამით ღიზიანდებიან "ქართული ოცნების" და რუსული ოცნების მხარდამჭერები. ჩვენ მშვიდობიანად ვაგრძელებთ გზას და მათ პროვოკაციას არ ვყვებით. "ქართულმა ოცნებამ" და მისმა ტიტუშკებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გაუვათ. 200-300 პოლიციელის დაყენება უნივერსიტეტში სტუდენტს ვერ შეუზღუდავს თავისუფლებას. ჩვენ მაინც შევალთ უნივერსიტეტში, მაინც გავაგრძელებთ პროტესტს. ეს პროტესტი იქნება სამართლიანი და მშვიდობიანი", - ამბობს სტუდენტი.
თბილისში პროტესტმა იფეთქა. დედაქალაქის ქუჩებში რამდენიმე საპროტესტო კერა არსებობს. თავდაპირველად, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან ჯგუფ "დაიტოვეს" მიერ ორგანიზებული მსვლელობა დაიწყო, რომელიც თსუ-ის მიმართულებით დაიძრა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები სტუდენტებსა და ლექტორებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.
პარალელურად, პროტესტის ერთ-ერთი კერა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია. ახალგაზრდები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებენ, არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ და სოლიდარობის ნიშნით უნივერსიტეტში ღამის გათენებას გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები უნივერსიტეტში შეიკრიბნენ და ახალი მოძრაობა - "გუშაგები" დააფუძნეს. ისინი აცხადებენ, რომ "ბრძოლა გრძელდება" და არ აპირებენ შეეგუონ არჩევნების გაყალბებას.
გუშინ, 14 ნოემბერს, დღის პირველ ნახევარში ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ფოიეში ადგილი ჰქონდა დაპირისპირებასაც - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ლევან ჯაყელი იმ სტუდენტებს დაუპირისპირდა, რომლებიც სტუდენტებს პროტესტისკენ მოუწოდებდნენ.