ხმაური და დაპირისპირება ბსუ-ში - დეკანი სტუდენტების პროტესტის ჩახშობაშია მხილებული

14.11.24 17:34
ხმაური და დაპირისპირება ბსუ-ში - დეკანი სტუდენტების პროტესტის ჩახშობაშია მხილებული

ხმაური და დაპირისპირება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში - სტუდენტები სამართლის დეკანს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც მათი თქმით, ლევან ჯაყელი არჩევნების გაყალბების გამო სტუდენტებში არსებული პროტესტის ჩახშობას შეეცადა. 

დეკანის გაღიზიანება ახალგაზრდებში არსებულმა განწყობებმა გამოიწვია, წყობიდან გამოსულმა ჯაყელმა თავისივე სტუდენტებს მატყუარები ეძახა. 

  • თქვენ ხართ ფსევდოდამხმარე, თქვენ ხართ თვითმართულები. მატყუარები ხართ, ხალხი შეცდომაში შეგყავთ" - ეუბნება დეკანი სტუდენტებს ვიდეოში, რომელიც ახალგაზრდებმა გაავრცელეს. 

მომხდარი ფაქტის შემდეგ, "პირველებთან" კომენტარი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გააკეთა. მერაბ ხალვაშმა, რომელმაც ზღვისპირა ქალაქში "ქართული ოცნების" მიერ წინასაარჩევნოდ ორგანიზებულ აქციაში მიიღო მონაწილეობა, თქვა, რომ უნივერსიტეტში პოლიტიკური ხასიათის პროტესტს ადგილი არ უნდა ჰქონდეს. 

გააჩნია პროტესტს, თუ პოლიტიკური ხასიათის არის, ეს უნივერსიტეტში არ შეიძლება. რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, იმდენად არასწორი ინფორმაცია იყო, ამაზე განცხადებას არ ვაკეთებ", - ამბობს მერაბ ხალვაში. 

თავისუფალი და დამოუკიდებელი ხმის ჩახშობას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ოფიციალური განცხადებით უპასუხეს. 

ახალგაზრდებმა უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ივანიშვილის გუნდთან ერთად არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს. 

დღეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შევიკრიბეთ, რათა დავიბრუნოთ ჩვენი ევროპული მომავალი. რატომ ვიწყებთ ბრძოლას სწორედ აქედან? ეს არის სიმბოლური ადგილი, ვინაიდან, "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებულ გაყალბებულ არჩევნებში უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და მისი წარმომადგენლები, კერძოდ, სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ღიად იყვნენ ჩართულები ამ გაყალბების პროცესში. ვხედავთ, რომ აფინანსებენ მხოლოდ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლის პროექტებს ", - ამბობენ სტუდენტები.