ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება - თამარ გაბუნია

19.03.21 16:25
ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის  მოადგილის განცხადებით, ასტრა-ზენეკათი ვაქცინაცია გაგრძელდება. ამის შესახებ თამარ გაბუნიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. გაბუნიამ სამძიმარი გამოუცხადა დაღუპული მედიკოსის ოჯახს და თქვა, რომ  დანაკარგი დიდია, თუმცა ეპიდემიის პროცესთან დაკავშირებული რისკებიც მაღალია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ვაქცინაციის გაგრძელების საფუძველს სპეციალისტებს ევროპის მარეგულირებლის დასკვნა აძლევს.

დანაკარგი დიდია, თუმცა ჩვენ ისიც გვესმის, რამდენად მაღალი რისკების წინაშე ვდგავართ, რაც უკავშირდება ეპიდემიის პროცესს და როგორია მოსალოდნელი სარგებელი ზოგადად, ვაქცინაციის პროცესის. ამდენად, გუშინ ექსპერტების საბჭომ ასევე, გვერდითი მოვლენების მართვის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ვაქცინაციის გაგრძელების შესახებ, რაც ემყარება ევროპის მარეგულირებლის დასკვნას, რომელიც კვლავაც უჭერს მხარს ასტრა-ზენეკათი ვაქცინაციის გაგრძელებას, გამომდინარე იქიდან, რომ ასტრა ზენეკას ფონზე გვერდითი მოვლენები მართალია, არსებობს, მაგრამ რისკები მნიშვნელოვნად მცირეა მოსალოდნელ სარეგებელთან შედარებით. ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება, - განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას განცხადებით უსაფრთხოების მიზნით ვაქცინაცია მრავალპროფილურ კლინიკებში ჩატარდება.

გუშინ ექსპერტების რეკომენადციით სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ერთობლივად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაციის პროცესი ასტრა ზენეკას შემთხვევაში, ისევე, როგორც ეს ფაიზერის ვაქცინისთვის მომზადებული, გაგრძელდეს მრავალპროფილური სტაციონარების დონეზე. გუშინდელმა შემთხვევამ, დაგვანახა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩარევა შესრულდა დროულად და ერთი წუთი არ დაკარგულა ტრანსპორტირებისთვის, რადგან იქვე იყო რეანიმაციული განყოფილება, მაგრამ იმ რისკების გათვალისწინებით, რომ ანაფილაქსიური რეაქცია თეორიულად შესაძლებელია და უკავშირდება ვაქცინაციის პროცესს, მაინც უფრო უსაფრთხო არის მრავალპროფილურ  კლინიკებში ამ პროცესის გაგრძელება, - განაცხადა გაბუნიამ. 
 

 გუშინ ახალციხის "იმედის" კლინიკაში ახალგაზრდა მედიკოსი ვაქცინაციის შემდეგ შეუძლოდ გახდა, რაც საბოლოოდ მისი გარდაცვალებით დასრულდა.