უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ თსუ-ს სტუდენტების საკუთარ უნივერსიტეტში შესვლა „შეჭრაა“
თსუ-ს დაცვის და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი თავაძე სახელმწიფო უნივერსიტეტში საკუთარ სტუდენტების შესვლას “შეჭრად“ აფასებს და ამბობს, რომ თანამშრომელმა დაურეკა და ფაქტის შესახებ აცნობა, რის გამოც ადგილზე მისვლა მოუწია.
ამასთან, თავაძე ადასტურებს, რომ მშვიდობიანი პროტესტის დარბევამდე, უნივერსიტეტში გუშინ, 19 ნოემბერს, საპოლიციო ძალები ეზოში იმყოფებოდნენ.
მისი თქმით, ინფორმაცია ამის შესახებ პოსტფაქტუმ შეიტყო. ის ამბობს, რომ არ ახსოვს, როდის შეატყობინეს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მობილიზაციის შესახებ.
ამასთან, თსუ-ს წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ დღის პირველ ნახევარში ის სტუდენტები არ შუეშვეს შენობაში, რომლებსაც ლექცია არ ჰქონდათ.
ცოტა ხნის წინ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები შევიდნენ - ახალგაზრდები თსუ-ს რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ.
მათი თქმით, რექტორმა მათ სასწავლებლის კარი ჩაუკეტა და თსუ სპეცრაზმელების შტაბად აქცია.
რამდენიმე სტუდენტი ამ წუთებში ჯაბა სამუშიას სამუშაო კაბინეტის წინ ზის და პროტესტს გამოხატავს.
მანამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა განცხადება გაავრცელა და თსუ-ს რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას მოითხოვეს.
სტუდენტების თქმით, ისტორიული კორპუსი არის გადაქცეული ძალოვანი სტრუქტურების შტაბად, რაც არის უნივერსიტეტის უდიდესი შეურაცხყოფა.