ბრძოლა საკონსტიტუციოში - "წარმოებაში მისაღებად მაქსიმალური ვადა 1 თვეა, დაჩქარებული წესის აუცილებლობა არაა"
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა ამბობს, რომ არჩევნების შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით პრეზიდენტისა და პარლამენტის 30 წევრის მიერ სასამართლოში წარდგენილი სარჩელები ერთდროულად განიხილება.
ტურავას განმარტებითვე, მას შემდეგ, რაც ორივე სარჩელი დარეგისტრირდება, იმ მომენტიდან იწყება ორივე სარჩელზე მუშაობა და ამისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მაქსიმალური ვადა ერთი თვე აქვს.
დაჩქარებული წესის აუცილებლობა არაა - თქვა საკნსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.
მაქსიმალური ვადა არის ერთი თვე, ერთი თვის განმავლობაში ყველაფერი დასრულებული უნდა იყოს. ერთი დღიდან ერთ თვემდე, ანუ როდესაც ორივე სარჩელი დარეგისტრირდება, უკვე იმ მომენტიდან იწყება ორივე სარჩელზე მუშაობა, შესაბამისად, როდესაც მზად იქნება პირველი ეტაპი, იმ დროს უკვე ის აქტი, რომელიც იქნება სასამართლოს მიერ მომზადებული გამოქვეყნდება.
ამ შემთხვევაში, არავითარი დაჩქარებული წესის საჭიროება არ არის. იმიტომ, რომ ეს საკითხი ისედაც კანონმდებლობიდან გამომდინარე არის დაჩქარებული.
რაც შეეხება სარჩელების გაერთიანებას, ეს ორი სარჩელი თითქმის ერთდროულად შემოვიდა, შესაბამისად, ორივე სარჩელი ერთდროულად განიხილება. რასაც მე გადავხედე შინაარსობრივად ისინი თითქმის ერთმანეთს ემთხვევა, აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის მათი ცალ-ცალკე განხილვა. აღნიშნული სარჩელები ჯერ გაერთიანებული არ არის, რადგან მეორე სარჩელი რეგისტრაციის შემოწმების ეტაპზეა.
რაც შეეხება ვადებს, ორივე სარჩელის დარეგისტრირების შემდეგ, ორივე სარჩელი ერთობლივად გაივლის წარმოებაში მიღების ეტაპს.
გარდა ამისა, ტურავამ ჟურნალისტებთან საუბრისას 25 ნოემბერს, მე-11 მოწვევის პარლამენტის შესაძლო შეკრების საკითხს გამოეხმაურა და განმარტა, რომ აღნიშნული საკითხო საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის საგანი არ არის.
„რაც შეეხება პარლამენტის სხდომას, ეს საკითხი ჩვენთან დაყენებული არ არის. ამ საკითხზე მე განმარტებას არ და ვერ გავაკეთებ იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენი განხილვის საგანი არ არის“, - აღნიშნა ტურავამ.
ცნობისთვის, მოსამართლე ვასილ როინიშვილი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის სარჩელის მომხსენებელ მოსამართლედ დაინიშნა, გუშინ მედიასთან ამტკიცებდა, რომ პრეზიდენტის სარჩელზე გადაწყვეტილება 25 ნოემბრამდე უნდა გამოაცხადონ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომელიც არჩევნებზე ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევას ეხება - ფარულობა და საყოველთაობა.
გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით პარლამენტის 30-მა წევრმა მიმართა.