საკონსტიტუციოს მოსამართლის აღიარება: მოსამართლეთა კოლეგია პრეზიდენტის სარჩელის განხილვას დაჩქარებულ ვადებში გეგმავს
დავა საკონსტიტუციო სასამართლოში - პირველი ინტერვიუ მოსამართლესთან, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის სარჩელის მომხსენებელ მოსამართლედ დაინიშნა.
ვასილ როინიშვილი მედიასთან ადასტურებს, რომ პრეზიდენტის სარჩელზე გადაწყვეტილება 25 ნოემბრამდე უნდა გამოაცხადონ.
"ვფიქრობ, რომ ვადებში ჩავეტევით" - აღნიშნა მოსამართლემ.
- კანონის მიხედვით დრო პლენუმს 1 თვე აქვს, თუმცა მოსამართლის განცხადების შემდეგ გაჩნდა ვარაუდი, რომ სასამართლო სავარაუდოდ მხოლოდ რამდენიმე დღეს გამოიყენებს და პარლამენტის პირველ სხდომამდე ანუ 25 ნოემბრამდე გადაწყვეტილებასაც მიიღებს - იყო თუ არა არჩევნები კონსტიტუციური.
- სარჩელი, რომლითაც პრეზიდენტი უფლებრივ დარღვევებზე დაობს და არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს, სასამართლოში დღეს დარეგისტრირდა.
ამასთან, მედიამ მოსამართლე როინიშვილს ჰკითხა, გაერთიანდება თუ არა პრეზიდენტის სარჩელთან პარლამენტის 30 წევრის სარჩელი, რომლითაც საკონსტიტუციოს პოლიტიკოსებმა გუშინ მიმართეს. პრეზიდენტის მსგავსად, ისინიც არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ.
მოსამართლე ამბობს, რომ ოპოზიციის სარჩელი საკონსტიტუციოში უკვე შესულია, თუმცა როინიშვილი პოზიციის დაფიქსირებისკენ თავს იკავებს.
ამ ეტაპზე არ ვიცით, (მიიღება თუ არა წარმოებაში სარჩელი) იმიტომ რომ უნდა გაეცნოს ყველა მოსამართლე, უნდა შევიკრიბოთ უნდა ვიმსჯელოთ. კანინის ფარგლებში მოხდება მსჯელობა.
30 დეპუტატის სარჩელი უკვე ჩამოვიდა. პოზიციას ვერ გეტყვით, სანამ არ მივიღებთ გადაწყვეტილებას.
ვადებში უნდა ჩავეტიოთ. წინასწარ როგორ გითხრათ პასუხი, რა მოხდება ხვალ და ზეგ. მე ვფიქრობ, რომ ვადებში ჩავეტევით. მე თუ ობიექტური არ ვიქნები, ამის გამო პოლიტიკური და სამართლებრივი კანონისმიერი პასუხისმგებლობა შეიძლება დამეკისროს", - ამბობს ვასილ როინიშვილი.
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა - ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ საკონსტიტუციოს ვებგვერდზე აიტვირთა.
ამის პარალელურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, 25 ნოემბერს პარლამენტს ნდობის გამოსაცხადებლად მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა წარედგინება. "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე კი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის სარჩელი პარლამენტის პირველ სხდომაში ხელს ვერ შეუშლის.