ჯაბა სამუშია თსუ-ს ისეთივე შავი წერტილია, როგორი შავი წერტილიც არის კალანდარიშვილი - სტუდენტები

21.11.24 17:13
ჯაბა სამუშია თსუ-ს ისეთივე შავი წერტილია, როგორი შავი წერტილიც არის კალანდარიშვილი - სტუდენტები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები უერთდებიან. 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებიც იმყოფებიან.

როგორც "პირველებთან" ერთ-ერთმა ახალგაზრდამ განაცხადა, "ჯაბა სამუშია თსუ-ს უნივერსიტეტის ისეთივე შავი წერტილია, როგორი შავი წერტილიც არის კალანდარიშვილი".

მე ვარ სეუ-ს სტუდენტი. პირველ რიგში, მინდა, რომ ყველას მოვუწოდო, გამოვიდნენ სტუდენტები, გვერდში დაგვიდგნენ, გამოხატონ საკუთარი ლეგიტიმური აზრი. მეორე, რაც მინდა, რომ დავაფიქსირო, ჯაბა სამუშია არის თსუ-ს უნივერსიტეტის ისეთივე შავი წერტილი, როგორი შავი წერტილიც არის კალანდარიშვილი. მინდა, ყველა უნივერსიტეტის სტუდენტს მოვუწოდო, რომ გამოვიდნენ, დაგვიდგნენ გვერდით და გამოვხატოთ ჩვენი თავისუფალი აზრი", - ამბობს სტუდენტი. 

ამასთან, საყურადღებოა, რომ სტუდენტების ინფორმაციით, უნივერსიტეტის შიდა ტერიტორიაზე შავ ტანსაცმელში ჩაცმული მოქალაქეები გადაადგილდებიან, რომლებიც არც თსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომლები და არც დაცვის თანამშრომლები არ არიან.

ახალგაზრდებს აქვთ  ეჭვი, რომ რექტორმა, ჯაბა სამუშიამ უცხო ხალხი ადგილზე საკუთარი თავის დასაცავად მიიყვანა. 

შეგახსენებთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტებმა კარვები გაშალეს - ახალგაზრდები დღევანდელი ღამის გათენებას აანონსებენ. 

თსუ-ს სტუდენტებს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც და საქართველოს ის მოქალაქეებიც შეუერთდებიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. 

ამ დროისთვის ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნის გარდა, სტუდენტები თსუ-ს რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას მოითხოვენ. პარალელურ რეჟიმში, პროტესტის კერაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც. სტუდენტები აუდიტორიებიდან ქუჩებში გავიდნენ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ლექტორები ახალგაზრდებს საჯარო ლექციებს უკითხავენ.