ხონის ფსიქიატრიულში ბოლო სამი დღის განმავლობაში 34 პატიმარი მოთავსდა - პენიტენციური

29.08.21 14:27
ხონის ფსიქიატრიულში ბოლო სამი დღის განმავლობაში 34 პატიმარი მოთავსდა - პენიტენციური

პენიტენციური სამსახური "ტვ პირველის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ აცხადებს, რომ ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინე სივრცეში, რომელიც სპეციალურად კოვიდინფიცირებულ მსჯავრდებულებთან კონტაქტში მყოფი  პატიმრებისთვის მოეწყო, ბოლო სამი დღის განმავლობაში 34 პატიმარი მოთავსდა.  

უწყების ცნობით, ისინი N2 (ქუთაისის)  და N14 (გეგუთის)   პენიტენციური დაწესებულებებიდან არიან გადმოყვანილი და წარმოადგენენ ინფიცირებულთა კონტაქტებს.

რაც შეეხება თბილისში არსებულ ერთ-ერთ სამოქალაქო კლინიკას, უწყების ინფორმაციით,  იქ ბოლო ორი კვირის განმავლობაში  65 კოვიდინფიცირებული მსჯავრდებული  მოთავსდა.

მსჯავრდებულების ნაწილი,   რომლებიც ამ ეტაპზე სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებენ, შემდგომი დაკვირვების მიზნით, ამავე კლინიკის ე.წ. სასტუმრო ნაწილში იმყოფებიან.

ყველა კოვიდინფიცირებული  და ინფიცირებულთა კონტაქტში მყოფი მსჯავრდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ყველა მათგანი მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფება და საჭიროებისამებრ შესაბამისი დახმარება გაეწევათ.
აღსანიშნავია, რომ პენიტენციურმა  სამსახურმა არა ერთი ქმედითი ნაბიჯი და პრვენციურლი ღონისძიებები გაატარა, რათა სისტემა დაეცვა  კოვიდ-19  გავრცელებისგან. სწორედ ამ მიზნით უწყებამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი  18 მაისს დაიწყო, რომელიც  ყველა დაწესებულებაში ამ დრომდე  მიმდინარეობს. ამ ეტაპზე პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულების 70%- მდე  უკვე  ვაქცინირებულია"- აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.