"ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მე ვარ გამომძიებელი" - ნინო ლომჯარიამ გამომძიებელს მტკიცებულებები გადასცა

27.11.24 15:33
 "ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მე ვარ გამომძიებელი" - ნინო ლომჯარიამ გამომძიებელს მტკიცებულებები გადასცა

სასამართლოში ყოფილი სახალხო დამცველის გამოკითხვა დასრულდა. ნინო ლომჯარიამ, რომელიც არჩევნების გაყალების საქმეზე, მოწმის სტატუსით იყო დაბარებული, გამომძიებელს ჩვენება მისცა და ის მტკიცებულებები გადასცა,  რომელიც არჩევნების დღეს და შემდეგ მოაგროვეს.

ლომჯარიას თქმით, პროკურატურას ცესკოს შესაძლო გადაცდომებზეც მიაწოდა ინფორმაცია.

ყოფილი სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პროკურატურა იძიებს არა იმას, რეალურად მოხდა თუ არა არჩევნების გაყალბება, არამედ იმას, რომ ყველა, ვინც არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე საუბრობს, მცდარია.

მე მოვყევი ჩემი სათქმელი, ყველა ის შეფასება, რაც გავაკეთე, რას ეყრდნობოდა, რა მტკიცებულებებს და გადავეცი ყველანაირი მასალა, შემდეგ კი იყო კონკრეტული შეკითხვები, თუ ვინ არიან დამრღვევები, ვინ აძლევდა ხმას და ა.შ. უფრო მეტად იყო შეკითხვები, სახელებსა და გვარებზე. ჩემი პასუხი იყო შემდეგი: საჩივრები, რაც დავტოვეთ, დეტალურად აღწერს, რომელ უბანზე რა ხდებოდა, ვინ იყო დამკვირვებელი.

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მე ვარ გამომძიებელი და პირიქით, ისინი მთხოვენ რომ დავუმტკიცო, არჩევნების გაყალბება“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ადვოკატ, შოთა თუთბერიძეს სამართლიანი გამოძიების მოლოდინი არ აქვს, თუმცა, მზაობას გამოთქვამს, ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, პროკურატურასთან თანამშრომლობა გააგრძელოს.

პირადად მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გამოძიების მიზანია, არა გაყალბების ფაქტის გამოძება, არამედ იმის დადასტურება, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ჩვენ ჩვენი სამართლებრივი ვალი სრულად შევასრულეთ და გამოძიებას გადავეცით ყველა ის მტკიცებულება, რომელიც შესაძლებელია, ობიექტურ გამოძიებას დაეხმაროს. ნებისმიერი დამატებითი კითხვის შემხტვევაში, მზად ვართ ამ მიამრთულებით გავაგრძელოთ თანამშრომლობა, თუმცა მოლოდინი არ გვაქვს“, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

პროკურორი ამბობს, რომ ყველა საარჩევნო დარღვევა დანაშაული ვერ იქნება და უნდა მოხდეს აღნიშნული საჩივრების დახარისხება.

უნდა მოხდეს ჩვენთვსი საინტერესო ინფორმაციის მოძიება, შემდგომში, როდესაც ხელშესახები შედეგები გვექნება, პასუხის გაცემა შეგვეძლება. დღესდრეობით შესწავლის პროცესში ვართ“, - დასძინა მან.