სისხლიან ღამეს დაკავებული 43 მომიტინგიდან უმეტესობა ნაცემია - რა ინფორმაცია გამოიტანეს ადვოკატებმა იზოლატორიდან

29.11.24 13:09
სისხლიან ღამეს დაკავებული 43 მომიტინგიდან უმეტესობა ნაცემია - რა ინფორმაცია გამოიტანეს ადვოკატებმა იზოლატორიდან

სისხლიან ღამეს დაკავებული 43 მომიტინგიდან უმეტესობა ნაცემია - ამ ინფორმაციას "პირველებს" უფლებადამცველები უდასტურებენ. იზოლატორებში გამოკეტილი მოქალაქეები ადვოკატებთან ძალადობის უპრეცედენტო ფაქტების შესახებ ყვებიან. მათი ნაწილი იხსენებს, რომ ხელბორკილების დადების შემდეგ, ფიზიკური ძალადობის მეორე სერია საპოლიციო მანქანებში დაიწყო.  

დაკავებულებს დაზიანებების კვალი თავის, სახის და სხეულის სხვადასხვა ნაწილში აღენიშნებათ.

დაკავებული არის ნაცემი. აქვს პრეტენზია, იმასთან დაკავშირებით რომ აბსოლუტურად შეხება არავისთან არ ჰქონია. იდგა დროშით რუსთაველის გამზირზე. მოვიდნენ დააკავეს, შემდეგ წაიყვანეს, საკმაოდ ძლიერად გაუსწორდნენ ფიზიკურად და ეს დაზიანებები დაფიქსირებულია. სიტყვიერად არავისთან არ ჰქონია არანაირი შეხლა- შემოხლა, არანაირი მიმართვაც კი, მაგრამ ამბობენ, რომ თითქოს ამან ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენა. თავის არეში აქვს დაზიანება და ეს ყველაფერი გადაღებულია და კარგად ჩანს როგორ ურტყამს პოლიცია, რამდენიმე კაცს ჰყავს დაჭერილი ის და თავისი მეგობარი და ურტყამენ. ფეხზეც აქვს მიღებული, დამაგდესო, როცა დამიჭირეს. დგას დროშით ხელში არავისთან კონფლიქტი არ აქვს და არც არავინაა მის გარშემო, მოდის პოლიცია 2 კაცი უკნიდან აკავებს მიჰყავთ და უსწორდებიან ფიზიკურად '', - ამბობს ადვოკატი.

იზოლატორები გადავსებულია. ამიტომ გომელაურის რაზმის წევრები ამ მომენტამდე ვერ ახერხებენ დროებითი მოთავსების საკნებში დაკავებულების შესახლებას.

თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.

აქციის მონაწილეები თბილისში ორი ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის, შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. 

გომელაურის უწყების ნიღბიანი თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში პროევროპული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა. 

ნიღბიანი პირები, რომლებსაც მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვთ, მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

გომელაურის რაზმის წევრებმა აქციაზე 43 მშვიდობიანი მომიტინგე დააკავეს.