საია: ''ბოლომდე ვიდგებით ხალხის გვერდით, მათი უფლებებისა და კონსტიტუციის დასაცავად"

29.11.24 14:40
საია: ''ბოლომდე ვიდგებით ხალხის გვერდით, მათი უფლებებისა და კონსტიტუციის დასაცავად"

არალეგიტიმურად დამტკიცებულმა მთავრობამ არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას და  მოქალაქეების ნებას - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

საქართველოში მოქალაქეების 80%-ზე მეტი მტკიცედ უჭერს მხარს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ეს არა მხოლოდ საზოგადოებრივი ნება – ეს კონსტიტუციით გარანტირებული არჩევანია!

არალეგიტიმურად დამტკიცებულმა მთავრობამ არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას და  მოქალაქეების ნებას.

საია , როგორც ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია, მისი მანდატის ფარგლებში ბოლომდე იდგება ხალხის გვერდით მათი უფლებებისა და კონსტიტუციის დასაცავად." -  წერია განცხადებაში

თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.

აქციის მონაწილეები თბილისში ორი ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის, შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. 

გომელაურის უწყების ნიღბიანი თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში პროევროპული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა. 

ნიღბიანი პირები, რომლებსაც მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვთ, მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.