"მიწაზე დაცემულს სპეცრაზმა გადამიარა, ფეხი წამარტყეს და მაგინებდნენ" - დავით ცაგარელი თავდასხმის დეტალებს იხსენებს
პირველი ინტერვიუ "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტ დავით ცაგარელთან, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დავით ცაგარელი მომხდარის დეტალებს იხსენებს და ყვება, რომ მასზე ანგარიშსწორება სწორედ მაშინ განხორციელდა, როდესაც რუსთაველის მეტროს მიმართულებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მოულოდნელად რობოკოპმა მუცლის არეში მუშტი ჩაარტყა და მიწაზე დააგდო.
"ჩავიკეცე, სუნთქვა გამიჭირდა, რამდენიმე წუთი ვეგდე ტროტუარზე" - ამბობს ჟურნალისტი და იქვე აღნიშნავს, რომ წაქცეულზე რამდენიმე სპეცრაზმი მიუახლოვდა, რომლებმაც გადაუარეს და პარალელურ რეჟიმში აგინებდნენ.
კარგად ვარ. ყველაფერი რიგზეა. არანაირი პრობლემა არ მაქვს. რაც შეეხება სიტუაციას, რუსთაველის მეტროს მიმართულებით მივდიოდი, რა დროსაც რამდენიმე რობოკოპი გამოვიდა აფთიაქიდან. ვიყავი "რადიო თავისუფლების" Facebook-ის პირდაპირ ეთერში და ვყვებოდი ამბებს, რა ვითარება იყო ადგილზე, როგორ აკავებდნენ აქციის მონაწილეებს. მანამდე მივიღე მითითება, რომ დამეტოვებინა გზის სავალი ნაწილი და გადავსულიყავი ტროტურაზე. ბუნებრივია, დავემორჩილე, გადავედი და ვაგრძელებდი მუშაობას.
მარჯვენა ხელში მეჭირა ტელეფონი და ვიღებდი. მარცხნიდან მოვიდა რობოკოპი, მოულოდნელად შემაგინა და უცბად დამარტყა. მოულოდნელი იყო, ვერც ხელი ავიფარე და ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გავუწიე ამ დარტყმას. ჩავიკეცე, სუნთქვა გამიჭირდა, რამდენიმე წუთი ვეგდე ტროტუარზე. მერე გამოიარა კიდევ რამდენიმე სპეცრაზმელმა. ერთმა ფეხზე გადამიარა, დანარჩენებმა ფეხი წამარტყეს და მაგინებდნენ", - ამბობს დავით ცაგარელი.
თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.
აქციის მონაწილეები თბილისში სამ ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს.
გომელაურის უწყების ნიღბიანი თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში პროევროპული აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა.
ჟურნალისტებისა და ოპერატორების ჩამონათვალი, რომლებიც აქციაზე დაშავდნენ:
- 1. გურამ როგავა, “ტელეკომპანია ფორმულა” — ნიღბიანმა სპეცრაზმელმა პირდაპირ ეთერში თავში ჩაარტყა, დაასისხლიანა და ძირს დააგდო;
- 2. ალექსანდრე ქეშელაშვილი, ონლაინგამოცემა “პუბლიკა” — დააკავეს, სცემეს სახისა და თავის არეში, წაართვეს სამუშაო აპარატურა;
- 3. დავით ცაგარელი, ონლაინგამოცემა “რადიო თავისუფლება” — პირდაპირ ეთერში ნიღბიანმა სპეცრაზმელმა მუცელში ჩაარტყა და ძირს დააგდო;
- 4. მარიამ ნიკურაძე, ონლაინგამოცემა “OC Media” — სპეციალურად მიუშვირეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრესი, დაუზიანდა კამერა, რამდენჯერმე გააგდებინეს ტელეფონი;
- 5. ნანუკა ქაჯაია, “ტელეკომპანია პირველი” — წყლის ჭავლი მიუშვირეს პირდაპირი ჩართვის დროს;
- 6. დავით ბიჭიკაშვილი, “ტელეკომპანია პირველი” - გაუსწორდნენ სპეცრაზმელები;
- 7. გიორგი შეწირული, “ტელეკომპანია პირველი” - სპეცრაზმელებმა წააქციეს და წიხლებით შედგნენ;
- 8. ანა მდივანი, “ტელეკომპანია პირველი” — სახეში შეასხეს წიწაკის სპრესი;
- 9. ნიკო კოკაია, “ტელეკომპანია პირველი”— სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი. ორჯერ გახდა სპეცრაზმელების სამიზნე;
- 10.გივი ავალიანი, ონლაინგამოცემა “ნეტგაზეთი” “ბათუმელები” — პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტს სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი;
- 11.ნათია ამირანაშვილი, ონლაინგამოცემა “პუბლიკა” — გააგდებინეს ტელეფონი და არ მისცეს მუშაობის საშუალება;
- 12. გიორგი გოგუა, “პროექტი 64” — პოლიციელებმა წიხლები ურტყეს;
- 13. ირაკლი მანაგაძე, ონლაინგამოცემა” ექსპრესნიუსი” — სპეცრაზმელმა წიხლი ჩაარტყა;
- 14. დავით ბეჟანიშვილი, პირველი არხი - გავრცლებული ინფორმაციით, ოპერატორმა გადაღებისას მიიიღო დაზიანება;
- 15. დეა მამისეიშვილი, “მთავარი არხი” - დაშავდა აქციის გადაღებისას;
- 16. გიორგი გოგინაშვილი, “მთავარი არხი”- დაშავდა აქციის გადაღებისას;
- 17. იულია კალაბანო - JAMnews-ის ფოტორეპორტიორი, - სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ფოტოებს რომ იღებდა, პირდაპირ სახეში შეასხეს სპრეი, წააქციეს და წაქცეულს დაარტყეს წიხლი;
- 18. მინდია გაბაძე - ონლაინგამოცემა “პუბლიკას” ჟურნალისტი სამართალდამცველებმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააზიანეს;
- 19. ნინო წვერავა, “სტუდია მონიტორი” - ჟურნალისტი სამართალდამცველების სამიზნედ იქცა ქაშვეთის ეკლესიასთან გადაღების დროს;
- 20. ნინო შუბითიძე, “სტუდია მონიტორი” - ჟურნალისტი სამართალდამცველების სამიზნედ იქცა ქაშვეთის ეკლესიასთან გადაღების დროს.