“არ გავრუსდებით, არ შეიძლება“ - პარლამენტის წინ მოქალაქეები იკრიბებიან
პროტესტი რუსთაველზე - პარლამენტის წინ მოქალაქეები იკრიბებიან. რუსთაველის გამზირზე ახლა გვერდიგვერდ დგანან მამების და შვილების თაობა. მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც გუშინ აქციაზე გასვლა ვერ მოახერხეს, თუმცა დღეს დილიდან, საკთარ შვილებთან ერთად მოდიან.
“ამათი მომავლისთვის“, - ამბობს ერთ-ერთი დედა, რომელიც აქციაზე 3 მცირეწლოვან შვილთან ერთადაა მისული.
არ გავრუსდებით, არ შეიძლება. ვერ შეგვაშინებენ მაგ დარბევებით, გუშინ ტელევიზორით ვუყურებდი, დღეს კი შვილებთან ერთად აქ ვდგავარ“, - ამბობს ის.
პარლამენტთან შეკრებილები ამბობენ, რომ “ქართულ ოცნებას“ ძალადობის მეტი აღარაფერი დარჩენია.
არანაირი მიზეზი დარბევის არ არსებობდა, მაგრამ “ქართულ ოცნებას“ მხოლოდ ესღა დარჩენია. მათ ლეგიტიმაცია გამოცლილი აქვს. კიდევ ერთხელ ვიკრიბებით იმისთვის, რომ დავიცვათ საკუთარი უფლებები, გავაპროტესტოთ ხელისუფლების ეს მიტაცება და ვიწვევთ საკუთარ მოქალაქეებს, რათა ერთად ვიბრძოლოთ ქვეყნისთვის“, - განაცხდა ვახუშტი მენაბდემ.
მეორე დღეა თბილისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.
აქციის მონაწილეები თბილისში სამ ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს.
გომელაურის უწყების ნიღბიანი თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში პროევროპული აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა.