BTU სასწავლო პროცესს დროებით აჩერებს
საქართველოში არსებული უნივერსიტეტის პროტესტი გრძელდება - ამჯერად სასწავლო პროცესის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ავრცელებს.
ვიზიარებთ პოზიციას, რომელიც სტუდენტებმა და ჩვენმა აკადემიურმა თუ ადმინისტრაციულმა გუნდმა გამოხატა ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, სტუდენტების ინტერესებისა და მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება სასწავლო პროცესის გადადების შესახებ." - ნათქვამია განცხადებაში.
თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.
აქციის მონაწილეები თბილისში სამ ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს.
გომელაურის უწყების ნიღბიანი თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში პროევროპული აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა.