წყალში ქიმიური ნივთიერება იყო გარეული - აქციაზე დაშავებული "ტვ პირველის" ჟურნალისტს სამედიცინო დახმარება დასჭირდა

29.11.24 18:10
წყალში ქიმიური ნივთიერება იყო გარეული - აქციაზე დაშავებული "ტვ პირველის" ჟურნალისტს სამედიცინო დახმარება დასჭირდა

"ტვ პირველის" ჟურნალისტმა, რომელიც 28 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაშავდა, კლინიკა რამდენიმე წუთის წინ დატოვა - ანა მდივანს შესაბამისი  გამოკვლევები ჩაუტარდა და გადასხმის გაკეთება დასჭირდა. 

ჟურნალისტი დარბევის ღამის მოვლენებს იხსენებს და "პირველებთან" ამბობს, რომ ჭავლის მანქანიდან სპეცრაზმმა წყალი შეასხა, რომელშიც შერეული გარკვეული ქიმიური ნივთიერება იყო.

ანა მდივანი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ წყლის შესხმის შემდეგ, მხედველობა დაუქვეითდა, სუნთქვა გაუჭირდა და სპაზმური შეტევა განუვითარდა. 

გუშინდელი დღის შემდეგ უფრო მეტად გამიმწვავდა ალერგია. რამდენიმე წუთის წინ ვიყავი ალერგოლოგთან. უნდა გავიკეთო გადასხმა. მოვიდა ჭავლის მანქანა და მთლიანად სხეულზე და სახეზე შეგვესხა წყალი. წყალში არის გარეული რაღაც ქიმიური ნივთიერება. მხედველობა მიჭირდა, ასევე სუნთქვა. მე საერთოდ ვერ ვსუნთქავდი. ნახევარი საათის განმავლობაში იმდენად მძიმედ ვიყავი, რომ სასწრაფო დახმარების ექიმები მეხმარებოდნენ", - ამბობს ანა მდივანი. 

თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.

აქციის მონაწილეები თბილისში სამ ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. 

გომელაურის უწყების ნიღბიანი თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში პროევროპული აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა. 

ჟურნალისტებისა და ოპერატორების ჩამონათვალი, რომლებიც აქციაზე დაშავდნენ: 

  • 1. გურამ როგავა, “ტელეკომპანია ფორმულა” — ნიღბიანმა სპეცრაზმელმა  პირდაპირ ეთერში თავში ჩაარტყა, დაასისხლიანა და ძირს დააგდო;
  • 2. ალექსანდრე ქეშელაშვილი, ონლაინგამოცემა “პუბლიკა” — დააკავეს, სცემეს სახისა და თავის არეში, წაართვეს სამუშაო აპარატურა;
  • 3. დავით ცაგარელი, ონლაინგამოცემა “რადიო თავისუფლება” — პირდაპირ ეთერში ნიღბიანმა სპეცრაზმელმა მუცელში ჩაარტყა და ძირს დააგდო;
  • 4. მარიამ ნიკურაძე, ონლაინგამოცემა “OC Media” — სპეციალურად მიუშვირეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრესი, დაუზიანდა კამერა, რამდენჯერმე გააგდებინეს ტელეფონი;
  • 5. ნანუკა ქაჯაია, “ტელეკომპანია პირველი” — წყლის ჭავლი მიუშვირეს პირდაპირი ჩართვის დროს;
  • 6. დავით ბიჭიკაშვილი, “ტელეკომპანია პირველი” - გაუსწორდნენ სპეცრაზმელები;
  • 7. გიორგი შეწირული, “ტელეკომპანია პირველი”  - სპეცრაზმელებმა წააქციეს და წიხლებით შედგნენ;
  • 8. ანა მდივანი, “ტელეკომპანია პირველი” — სახეში შეასხეს წიწაკის სპრესი;
  • 9. ნიკო კოკაია, “ტელეკომპანია პირველი”— სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი. ორჯერ გახდა სპეცრაზმელების სამიზნე;
  • 10.გივი ავალიანი, ონლაინგამოცემა “ნეტგაზეთი” “ბათუმელები” — პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტს სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი;
  • 11.ნათია ამირანაშვილი, ონლაინგამოცემა “პუბლიკა” — გააგდებინეს ტელეფონი და არ მისცეს მუშაობის საშუალება;
  • 12. გიორგი გოგუა, “პროექტი 64” — პოლიციელებმა წიხლები ურტყეს;
  • 13. ირაკლი მანაგაძე, ონლაინგამოცემა” ექსპრესნიუსი” — სპეცრაზმელმა წიხლი ჩაარტყა;
  • 14. დავით ბეჟანიშვილი, პირველი არხი - გავრცლებული ინფორმაციით, ოპერატორმა გადაღებისას მიიიღო დაზიანება;
  • 15. დეა მამისეიშვილი,  “მთავარი არხი” - დაშავდა აქციის გადაღებისას;
  • 16. გიორგი გოგინაშვილი,  “მთავარი არხი”- დაშავდა აქციის გადაღებისას;
  • 17. იულია კალაბანო - JAMnews-ის ფოტორეპორტიორი, - სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ფოტოებს რომ იღებდა, პირდაპირ სახეში შეასხეს სპრეი, წააქციეს და წაქცეულს დაარტყეს წიხლი;
  • 18. მინდია გაბაძე -  ონლაინგამოცემა “პუბლიკას” ჟურნალისტი სამართალდამცველებმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააზიანეს;
  • 19. ნინო წვერავა, “სტუდია მონიტორი” - ჟურნალისტი სამართალდამცველების სამიზნედ იქცა ქაშვეთის ეკლესიასთან გადაღების დროს;
  • 20. ნინო შუბითიძე, “სტუდია მონიტორი” - ჟურნალისტი სამართალდამცველების სამიზნედ იქცა ქაშვეთის ეკლესიასთან გადაღების დროს. 

მსგავსი სიახლეები