ჟურნალისტების პროტესტი თბილისში - მედიის წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრნენ

29.11.24 19:04
ჟურნალისტების პროტესტი თბილისში - მედიის წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრნენ

ამ წუთებში თბილისის ქუჩებში ჟურნალისტები სოლიდარობის აქციას მართავენ - კრიტიკული მედიის წარმომადგენლები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრნენ და მარშით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.

ჟურნალისტები სოლიდარობას გამოხატავენ და მხარდაჭერას უცხადებენ მედიის ყველა იმ წარმომადგენელს, რომლებიც 28-29 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ანგარიშსწორების მსხვერპლები გახდნენ. 

მედია ხომ გამტარს ნიშნავს. რაც უფრო პროფესიონალური არის მედია, მით უფრო ნაკლებად მახინჯდება ამ შემთხვევაში ხელისუფლების სათქმელი საზოგადოების სხვადასხვა ფენებისთვის. როდესაც ხელისუფლების ერთადერთი ენა საზოგადოებასთან სალაპარაკო არის ძალადობა, ძალადობის მორები მიედინება მედიის მიმართულებითაც. მის სურვილს წარმოადგენს, რომ სინამდვილე ისე იხატებოდეს ქვეყანაში, რა ტიპის ილუზიაც საკუთარ თავს ჩამოუყალიბეს. სრული საგიჟეთი, სრულიად წარმოუდგენელი ლოგიკა ჩამოაყალიბეს ქვეყანაში, სადაც თურმე, რუსეთი სჯობს ევროკავშირს. მე სოლიდარობას ველი ჟურნალისტების მხრიდან და იმ ადამიანების მხრიდან, რომელთაც საკუთარ პროფესიად მიაჩნიათ ჟურნალისტიკა. ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი პროფესია პროპაგანდად აქციეს, მე დიდი ხანია მათ კოლეგებად არ მივიჩნევ", - ამბობს "ფორმულას" ჟურნალისტი, გიორგი თარგამაძე. 

ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტი "პირველებთან" საუბრის დროს აცხადებს, რომ სპეცდანიშნულების რაზმებმა კორესპონდენტებსა და ტელეოპერატორებზე ძალადობრივი ქმედებები მიზანმიმართულად განახორციელეს, რათა მისივე განმარტებით, პირდაპირი ტრანსლაცია შეჩერებულიყო.

გუშინ ჩვენ თვალწინ ხდებოდა ის უბედურება, რაც ხდებოდა. ჟურნალისტები შემთხვევით გადარჩნენ. ამის შემდეგ კიდევ რომ შეგიძლია ღამე მშვიდად დაიძინო, მერე პოსტი დაწერო ვითომ სოლიდარობის, ეს უკვე აღარ არის კოლეგიალობა. ჩვენ უნდა დავიცვათ ერთმანეთი, არ უნდა შეგვეშინდეს", - ამბობს "ფორმულას" ჟურნალისტი, თამარ ბაღაშვილი. 

ფოტო - IPN 

თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.

აქციის მონაწილეები თბილისში სამ ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. 

გომელაურის უწყების ნიღბიანი თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში პროევროპული აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა. 

ჟურნალისტებისა და ოპერატორების ჩამონათვალი, რომლებიც აქციაზე დაშავდნენ: 

  • 1. გურამ როგავა, “ტელეკომპანია ფორმულა” — ნიღბიანმა სპეცრაზმელმა  პირდაპირ ეთერში თავში ჩაარტყა, დაასისხლიანა და ძირს დააგდო;
  • 2. ალექსანდრე ქეშელაშვილი, ონლაინგამოცემა “პუბლიკა” — დააკავეს, სცემეს სახისა და თავის არეში, წაართვეს სამუშაო აპარატურა;
  • 3. დავით ცაგარელი, ონლაინგამოცემა “რადიო თავისუფლება” — პირდაპირ ეთერში ნიღბიანმა სპეცრაზმელმა მუცელში ჩაარტყა და ძირს დააგდო;
  • 4. მარიამ ნიკურაძე, ონლაინგამოცემა “OC Media” — სპეციალურად მიუშვირეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრესი, დაუზიანდა კამერა, რამდენჯერმე გააგდებინეს ტელეფონი;
  • 5. ნანუკა ქაჯაია, “ტელეკომპანია პირველი” — წყლის ჭავლი მიუშვირეს პირდაპირი ჩართვის დროს;
  • 6. დავით ბიჭიკაშვილი, “ტელეკომპანია პირველი” - გაუსწორდნენ სპეცრაზმელები;
  • 7. გიორგი შეწირული, “ტელეკომპანია პირველი”  - სპეცრაზმელებმა წააქციეს და წიხლებით შედგნენ;
  • 8. ანა მდივანი, “ტელეკომპანია პირველი” — სახეში შეასხეს წიწაკის სპრესი;
  • 9. ნიკო კოკაია, “ტელეკომპანია პირველი”— სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი. ორჯერ გახდა სპეცრაზმელების სამიზნე;
  • 10.გივი ავალიანი, ონლაინგამოცემა “ნეტგაზეთი” “ბათუმელები” — პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტს სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი;
  • 11.ნათია ამირანაშვილი, ონლაინგამოცემა “პუბლიკა” — გააგდებინეს ტელეფონი და არ მისცეს მუშაობის საშუალება;
  • 12. გიორგი გოგუა, “პროექტი 64” — პოლიციელებმა წიხლები ურტყეს;
  • 13. ირაკლი მანაგაძე, ონლაინგამოცემა” ექსპრესნიუსი” — სპეცრაზმელმა წიხლი ჩაარტყა;
  • 14. დავით ბეჟანიშვილი, პირველი არხი - გავრცლებული ინფორმაციით, ოპერატორმა გადაღებისას მიიიღო დაზიანება;
  • 15. დეა მამისეიშვილი,  “მთავარი არხი” - დაშავდა აქციის გადაღებისას;
  • 16. გიორგი გოგინაშვილი,  “მთავარი არხი”- დაშავდა აქციის გადაღებისას;
  • 17. იულია კალაბანო - JAMnews-ის ფოტორეპორტიორი, - სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ფოტოებს რომ იღებდა, პირდაპირ სახეში შეასხეს სპრეი, წააქციეს და წაქცეულს დაარტყეს წიხლი;
  • 18. მინდია გაბაძე -  ონლაინგამოცემა “პუბლიკას” ჟურნალისტი სამართალდამცველებმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააზიანეს;
  • 19. ნინო წვერავა, “სტუდია მონიტორი” - ჟურნალისტი სამართალდამცველების სამიზნედ იქცა ქაშვეთის ეკლესიასთან გადაღების დროს;
  • 20. ნინო შუბითიძე, “სტუდია მონიტორი” - ჟურნალისტი სამართალდამცველების სამიზნედ იქცა ქაშვეთის ეკლესიასთან გადაღების დროს. 

მსგავსი სიახლეები