აქციის მონაწილეებმა ბათუმის მთავარი შესასვლელი გადაკეტეს

29.11.24 19:25
აქციის მონაწილეებმა ბათუმის მთავარი შესასვლელი გადაკეტეს

ევროპული მომავლის მცველებმა ბათუმის მთავარი შესასვლელი გადაკეტეს - მოქალაქეები "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე, აპროტესტებენ და ივანიშვილის გუნდის ანტიევროპულ ნაბიჯს კატეგორიულად გმობენ. 

პროტესტის ავანგარდში მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებენ და მმართველ პარტიას არ მისცემენ იმის უფლებას, რომ საქართველოს რუსეთის გუბერნიად აქციონ.

ცნობისთვის, ბათუმის გარდა, პროტესტის კერა თბილისშიც არის. მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გუშინ აქციის მონაწილეებზე განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებისა, მოქალაქეები პარლამენტთან კვლავ შეიკრიბნენ.

შეგახსენებთ, თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.

აქციის მონაწილეები თბილისში სამ ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. 

გომელაურის უწყების ნიღბიანი თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში პროევროპული აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა. 

მსგავსი სიახლეები