შეიძლება დღეს მეც ვიყო იმათ რიგში, რომელთაც გუშინ მიათრევდნენ - ბეშიტაიშვილი

29.11.24 20:12
შეიძლება დღეს მეც ვიყო იმათ რიგში, რომელთაც გუშინ მიათრევდნენ - ბეშიტაიშვილი

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის შეჩერებას, მსახიობი დავით ბეშიტაიშვილი ემიჯნება.

ამ წუთებში ხელოვანი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფება და "პირველებთან" აცხადებს, რომ ივანიშვილის გუნდი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ "ჯოჯოხეთს აწყობს". 

ერთ-ერთი თრიგერი აქ ხალხი რომ გამოვიდეს, სწორედ იმ ჯოჯოხეთის მოწყობაა, რომელსაც აწყობენ. ამ ყველაფრის სიმძაფრე მატულობს და მატულობს ყოველი შემთხვევიდან შემთხვევამდე. შეიძლება დღეს მეც ვიყო იმათ რიგში, რომელთაც გუშინ მიათრევდნენ", - ამბობს დავით ბეშიტაიშვილი.

თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.

აქციის მონაწილეები თბილისში სამ ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. 

გომელაურის უწყების ნიღბიანი თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში პროევროპული აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა. 

მსგავსი სიახლეები