საშინელ ღალატს აქვს ადგილი, "ოცნება" საქართველოდან უნდა წაეთრეს - კაკაბაძე
ირაკლი კაკაბაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას უერთდება - მწერალი "ქართულ ოცნებას" ღალატში ადანაშაულებს და ივანიშვილის გუნდის ხელისუფლებიდან წასვლას მოითხოვს.
ირაკლი კაკაბაძე 28-29 ნოემბერს სპეცდანიშნულების რაზმების მიერ მედიის წარმომადგენლებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე განხორციელებულ ანგარიშსწორებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ მსგავსი ძალადობა ქართველ ხალხს 9 აპრილსაც კი არ უნახავს.
საშინელ ღალატს აქვს ადგილი და ეს ადამიანები უნდა წაეთრნენ საქართველოდან. ამათი ადგილი აქ არ არის. მთავარი რაც არის, რაც მათ გუშინ გააკეთეს, ეგ კიდევ ბარბაროსობა არის, რომელიც ისტორიაში არ გვახსოვს. ჟურნალისტებს დაესივნენ, ახალგაზრდებზე ძალა იხმარეს, ეს არის გაუგონარი რამ, რაც ჩვენ 9 აპრილსაც კი არ გვინახავს", - ამბობს ირაკლი კაკაბაძე.
თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.
აქციის მონაწილეები თბილისში სამ ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს.
გომელაურის უწყების ნიღბიანი თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში პროევროპული აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა.