ბათუმის მერიიდან ევროკავშირის დროშა გადმოფინეს

29.11.24 20:55
ბათუმის მერიიდან ევროკავშირის დროშა გადმოფინეს

 

 

ბათუმის მერიიდან, სადაც ახლა მოქალაქეების არიან შეკრებილები და "ქართული ოცნების" განცხადებას, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით, აპროტესტებენ, ევროკავშირის დროშა გადმოფინეს.

ცნობისთვის, ბათუმის გარდა, პროტესტის კერა თბილისშიც არის. მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გუშინ აქციის მონაწილეებზე განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებისა, მოქალაქეები პარლამენტთან კვლავ შეიკრიბნენ. 

სამთავრობო კვარტალი სპეცდანიშნულების რაზმის ალყაშია. "პირველებმა" ექსკლუზიურად გადაიღო კადრები, სადაც ჩანს, რომ ჩიტაძის ქუჩაზე საპოლიციო ძალების უპრეცედენტო მობილიზებაა. ადგილზე მივიდა განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილი ზვიად ხარაზიშვილი. 

შეგახსენებთ, პროტესტის ტალღამ გუშინ იფეთქა. თბილისში, 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.

აქციის მონაწილეები თბილისში სამ ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. 

გომელაურის უწყების ნიღბიანი თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში პროევროპული აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა. 

მსგავსი სიახლეები