"ვდგავართ საქართველოს დამოუკიდებლობის სადარაჯოზე" - სამეფო უბნის თეატრმა დაგეგმილი სპექტაკლი გადადო

29.11.24 21:49
"ვდგავართ საქართველოს დამოუკიდებლობის სადარაჯოზე" - სამეფო უბნის თეატრმა დაგეგმილი სპექტაკლი გადადო

ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სამეფო უბნის თეატრმა 30 ნოემბერს დაგეგმილი სპექტაკლი - "მკვდარი ძაღლები" დეკემბერისთვის გადადო

სამეფო უბნის თეატრი თითოეულ მოქალაქეს, რომლებიც ჯანმრთელობის ფასად საქართველოს დამოუკიდებლობას და ისტორიულ მისწრაფებებს იცავს, სოლიდარობას უცხადებს.

სამეფო უბნის თეატრი სრული შემადგენლობით დგას საქართველოს დამოუკიდებლობის სადარაჯოზე! 

ჩვენი თეატრის დამფუძნებლები, იზა გიგოშვილის თაოსნობით, იდგნენ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სათავეებთან - 1989 წლის 9 აპრილს და მას მერეც - ჩვენ სიამაყით ვაგრძელებთ მათ გზას, მათ ბრძოლას! 

სოლიდარობას ვუცხადებთ თითოეულ მოქალაქეს, ვინც თავისუფალი სიტყვისა და თანასწორობის სადარაჯოზე დგას! ვინც ჯანმრთელობის ფასად იცავს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და მის ისტორიულ მისწრაფებას! 

გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს! გაუმარჯოს დამოუკიდებელ ევროპულ საქართველოს! 

სოლიდარობის ნიშნად, 30 ნოემბრის სპექტაკლი “მკვდარი ძაღლები” გადაიდო დეკემბრის თვეში - მოვლენების განვითარების მიხედვით შეგატყობინებთ განახლებულ თარიღს. 

გისურვებთ მხნეობასა და მყისიერ გამარჯვებას!". - წერს სამეფო უბნის თეატრი.

ცნობისთვის, ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია იმართება. სამთავრობო კვარტალი სპეცდანიშნულების რაზმის ალყაშია. "პირველებმა" ექსკლუზიურად გადაიღო კადრები, სადაც ჩანს, რომ ჩიტაძის ქუჩაზე საპოლიციო ძალების უპრეცედენტო მობილიზებაა. ადგილზე მივიდა განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილი ზვიად ხარაზიშვილი. 

შეგახსენებთ, პროტესტის ტალღამ გუშინ იფეთქა. თბილისში, 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.

აქციის მონაწილეები თბილისში სამ ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. 

გომელაურის უწყების ნიღბიანი თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში პროევროპული აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა. 

მსგავსი სიახლეები