ჟურნალისტებს სცემენ, დემონსტრანტებს ძალადობრივად შლიან - ევროპარლამენტარი თბილისში გამართულ აქციაზე

29.11.24 23:10
ჟურნალისტებს სცემენ, დემონსტრანტებს ძალადობრივად შლიან - ევროპარლამენტარი თბილისში გამართულ აქციაზე

ევროპარლამენტარი გი ვერჰოფსტადტი სოციალურ ქსელში 28-29 ნოემბერს, სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებას ეხმაურება და წერს, რომ "ჟურნალისტებს სცემენ, დემონსტრანტებს კი ძალადობრივად შლიან".

გი ვერჰოფსტადტი აღნიშნავს, რომ თბილისის ქუჩებში ხალხი არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების გასაპროტესტებლად გამოვიდა.

ჟურნალისტებს სცემენ, დემონსტრანტებს ძალადობრივად შლიან.

[ხალხის] უზარმაზარი რაოდენობა გამოვიდა საქართველოს ქუჩებში, რათა მათი არალეგიტიმური მთავრობის ქმედებები გააპროტესტოს.

ქართველების 80%-ს ევროპული მომავალი სურს. ისინი ამას იმსახურებენ!" , - წერს ევროპარლამენტარი გი ვერჰოფსტადტი.

ცნობისთვის, ამ წუთებში თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქცია იმართება. ჭიჭინაძის და ჩიტაძის ქუჩაზე წყლის წავლით მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა დაიწყეს. 

შეგახსენებთ, პროტესტის ტალღამ გუშინ იფეთქა. თბილისში, 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.

აქციის მონაწილეები თბილისში სამ ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. 

გომელაურის უწყების ნიღბიანი თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში პროევროპული აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა.