თბილისის იზოლატორებში ადგილები აღარ არის - დაკავებულები, სავარაუდოდ, რეგიონებში გადაჰყავთ

30.11.24 11:56
თბილისის იზოლატორებში ადგილები აღარ არის - დაკავებულები, სავარაუდოდ, რეგიონებში გადაჰყავთ

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე  107 პირი დააკავეს - როგორც დაკავებულების ერთ-ერთი ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე აცხადებს, საპროტესტო აქციაზე დაკავებულების უმეტესობა საპოლიციო მანქანებში ჰყავთ, ვინაიდან ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორსა და ქალაქის სამმართველოში ადგილები აღარ არის. წუხელ დაკავებულების ნაწილს სავარაუდოდ, მცხეთისა და რეგიონების იზოლატორებში გადაანაწილებენ.

"პირველების" ინფორმაციით, ზაჰესიდან დაახლოებით 15 დაკავებული უკვე გადაიყვანეს სასამართლოში , ამ წუთებში დაკავებულების ნაწილის შესახლება ზაჰესის იზოლატორში დაიწყეს.

30 ნოემბრის დილა, 06:15 საათი - გამთენიისას სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები მოქმედებაზე გადავიდნენ - "ხარებას", ზვიად ხარაზიშვილის რაზმის წარმომადგენლები ბესიკის ქუჩიდან, მეტრო - "რუსთაველიდან" და თავისუფლების მოედნიდან ერთდროულად დაიძრნენ, მომიტინგეები ალყაში მოაქციეს და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.

ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ნიღბიანებმა რამდენიმე მოქალაქე ძალის გამოყენებით დააკავეს, არიან დაშავებულები. 

მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირი გაწმინდეს, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა მოქალაქეებზე ნადირობა უკვე ყველა ჩიხში და გადასასვლელში დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა.

შსს-ს ცნობით, გომელაურის რაზმის თანამშრომლებმა სულ 107 მომიტინგე დააკავეს.