სირცხვილია! - გიორგი მამარდაშვილი ნოემბრის ძალადობრივ დარბევებს ეხმაურება

30.11.24 12:38
სირცხვილია! - გიორგი მამარდაშვილი ნოემბრის ძალადობრივ დარბევებს ეხმაურება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ნოემბრის ძალადობრივ დარბევებს ეხმაურება.

სირცხვილია!! -წერს მამარდაშვილი ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ სთორიში და აქციიდან სპეცრაზმის მიერ მოქალაქეების დარბევის ვიდეოს აქვეყნებს. 

30 ნოემბრის დილა, 06:15 საათი - გამთენიისას სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები მოქმედებაზე გადავიდნენ - "ხარებას", ზვიად ხარაზიშვილის რაზმის წარმომადგენლები ბესიკის ქუჩიდან, მეტრო - "რუსთაველიდან" და თავისუფლების მოედნიდან ერთდროულად დაიძრნენ, მომიტინგეები ალყაში მოაქციეს და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.

ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ნიღბიანებმა რამდენიმე მოქალაქე ძალის გამოყენებით დააკავეს, არიან დაშავებულები. 

მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირი გაწმინდეს, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა მოქალაქეებზე ნადირობა უკვე ყველა ჩიხში და გადასასვლელში დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა.

შსს-ს ცნობით, გომელაურის რაზმის თანამშრომლებმა სულ 107 მომიტინგე დააკავეს.