ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე თბილისის მუზეუმების გაერთიანება ღონისძიებების ჩატარებას დროებით წყვეტს
თბილისის მუზეუმების გაერთიანება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარებას დროებით წყვეტს- ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ავრცელებენ.
თბილისის მუზეუმების გაერთიანება, ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დროებით წყვეტს დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარებას. ვაგრძელებთ საგანმანათლებლო და საექსკურსიო მომსახურებას და ილია ჭავჭავაძის, ზაქარია ფალიაშვილის, მერაბ კოსტავას და სხვა ეროვნული მოღვაწეების დემოკრატიული ღირებულებებისა და მემკვიდრეობის დაცვას ქვეყნის ევროპული გზისთვის"- წერია განცხადებაში.
30 ნოემბრის დილა, 06:15 საათი - გამთენიისას სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები მოქმედებაზე გადავიდნენ - "ხარებას", ზვიად ხარაზიშვილის რაზმის წარმომადგენლები ბესიკის ქუჩიდან, მეტრო - "რუსთაველიდან" და თავისუფლების მოედნიდან ერთდროულად დაიძრნენ, მომიტინგეები ალყაში მოაქციეს და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.
ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ნიღბიანებმა რამდენიმე მოქალაქე ძალის გამოყენებით დააკავეს, არიან დაშავებულები.
მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირი გაწმინდეს, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა მოქალაქეებზე ნადირობა უკვე ყველა ჩიხში და გადასასვლელში დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა.
შსს-ს ცნობით, გომელაურის რაზმის თანამშრომლებმა სულ 107 მომიტინგე დააკავეს.