დაკავებულია ერთ-ერთი კლინიკის ექიმი, რომელსაც დღეს ოპერაციები აქვს ჩანიშნული - ადვოკატი

30.11.24 13:55
დაკავებულია ერთ-ერთი კლინიკის ექიმი, რომელსაც დღეს ოპერაციები აქვს ჩანიშნული - ადვოკატი

ადვოკატების ინფორნმაციით, აქციაზე დაკავებულია ექიმი, რომელსაც ოპერაციები აქვს ჩანიშნული და პაციენტები ელოდებიან. ასევე დაკავებულია პირი, რომელიც აქციაზე საერთოდ არ იმყოფებოდა და უბრალოდ მიმდებარედ მყოფ რესტორანში დაბადების დღეზე მიდიოდა. 

უფლებადამცველის თქმით, მონახულებული დაკავებულებიდან უმეტესობა ნაცემია. 

ჩემს მიერ მონახულებული იქნა 5 პირი და 5 პირიდან 4 საკმაოდ მძიმედ არის ნაცემი. ფიზიკურად აღენიშნებათ მრავლობითი სახის დაზიანებები, განსაკუთრებით სახის მიდამოში, ასევე სხეულის მუცლის მიდამოში. არიან ერთმანეთის ოჯახის წევრები დაკავებულები, ძმები, მამა- შვილი. ერთ-ერთი პირი, როგორც ჩემთან აღნიშნავს დაბადების დღეზე მიდიოდა რესტორანში, რომელიც პარლამენტის უკან არის და დაეზარა თავისუფლების მოედნიდან მოვლა და გადაწყვიტა ცხრა აპრილის ქუჩის გავლით მოძრაობა და დააკავეს. ასევე დაკავებულია ერთ-ერთი კლინიკის ექიმი და როგორც თვითონ მითხრა საქართველოს ჰიმნს ვმღეროდი და ზუსტად ამ დროს მოვიდნენ და სრულიად უმიზეზოდ დამაკავესო. ნერვიულობს საკუთარ ქვეყანაზე და თითოეულ პაციენტზე, რომელთა ოპერაციებიც ჩანიშნულია'', - ამბობს ადვოკატი.

თბილისის იზოლატორებში ადგილები აღარ არის - დაკავებულების ნაწილი რეგიონებში ჰყავთ, ნაწილი ახლა გადაჰყავს, ნაწილი კი ჯერ კიდევ საპოლიციო მანქანებშია განთავსებული.

30 ნოემბრის დილა, 06:15 საათი - გამთენიისას სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები მოქმედებაზე გადავიდნენ - "ხარებას", ზვიად ხარაზიშვილის რაზმის წარმომადგენლები ბესიკის ქუჩიდან, მეტრო - "რუსთაველიდან" და თავისუფლების მოედნიდან ერთდროულად დაიძრნენ, მომიტინგეები ალყაში მოაქციეს და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.

ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ნიღბიანებმა რამდენიმე მოქალაქე ძალის გამოყენებით დააკავეს, არიან დაშავებულები. 

მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირი გაწმინდეს, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა მოქალაქეებზე ნადირობა უკვე ყველა ჩიხში და გადასასვლელში დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა.

შსს-ს ცნობით, გომელაურის რაზმის თანამშრომლებმა სულ 107 მომიტინგე დააკავეს.