შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია! ეს ქვეყანა ეკუთვნის ხალხს! - ხვიჩა კვარაცხელია

30.11.24 13:34
შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია! ეს ქვეყანა ეკუთვნის ხალხს! - ხვიჩა კვარაცხელია

შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია! ეს ქვეყანა ეკუთვნის ხალხს! საქართველო იმსახურებს ევროპას - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს. 

მოგესალმებით, 
ვადევნებ თვალს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მინდა დავაფიქსირო ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის აზრი და პოზიცია. 
ქართველის ხალხის სურვილი და ნება არის ევროპული გზით სიარული და სვლა, ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია, ერთადერთი სწორი არჩევანი და დაუშვებელია ამ გზიდან გადახვევა. ეს ქვეყანა ეკუთვნის ხალხს და არავინ დგას ხალხის ნებაზე მაღლა. 
მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი მტკივნეული და ემოციურია იმ ვიდეოების ყურება, რაც ვრცელდება, შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია! საქართველო იმსახურებს ევროპას დღეს ისე როგორც არასდროს!- წერს ხვიჩა კვარაცხელია. 

30 ნოემბრის დილა, 06:15 საათი - გამთენიისას სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები მოქმედებაზე გადავიდნენ - "ხარებას", ზვიად ხარაზიშვილის რაზმის წარმომადგენლები ბესიკის ქუჩიდან, მეტრო - "რუსთაველიდან" და თავისუფლების მოედნიდან ერთდროულად დაიძრნენ, მომიტინგეები ალყაში მოაქციეს და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.

ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ნიღბიანებმა რამდენიმე მოქალაქე ძალის გამოყენებით დააკავეს, არიან დაშავებულები. 

მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირი გაწმინდეს, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა მოქალაქეებზე ნადირობა უკვე ყველა ჩიხში და გადასასვლელში დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა.

შსს-ს ცნობით, გომელაურის რაზმის თანამშრომლებმა სულ 107 მომიტინგე დააკავეს.