იოსელიანი: ეს პროცესი სადღაც თუ არ შეჩერდა, შემდგომ აქციებზე უფრო მეტ ძალადობას მივიღებთ და ბოლოს შეიძლება, ვიღაც შემოაკვდეთ

30.11.24 15:31
იოსელიანი: ეს პროცესი სადღაც თუ არ შეჩერდა, შემდგომ აქციებზე უფრო მეტ ძალადობას მივიღებთ და ბოლოს შეიძლება, ვიღაც შემოაკვდეთ

ეს პროცესი სადღაც თუ არ შეჩერდა, ჩვენ შემდგომ აქციებზე კიდევ უფრო მეტ ძალადობას მივიღებთ და ბოლოს შეიძლება, ვიღაც შემოაკვდეთ ასეთ პირობებში, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები ყველა იზოლატორში არიან წარმოდგენილები და ფორმდება ოქმები. 

„ასეთი საქმეების გამოძიების დაყოვნებამ მოიტანა ის, რომ ამ აქციებზე კიდევ უფრო მეტი ადამიანია ძალადობის მსხვერპლი, განსხვავებით წინა აქციებისგან, განსხვავებით ერთი წლის წინანდელი აქციებისგან. ეს პროცესი სადღაც თუ არ შეჩერდა, ჩვენ შემდგომ აქციებზე კიდევ უფრო მეტ ძალადობას მივიღებთ და ბოლოს შეიძლება ვიღაც შემოაკვდეთ ასეთ პირობებში. ასე რომ, ყველას პასუხისმგებლობაა ეს, მაგრამ განსაკუთრებით იმ ადამიანების, ვინც აკავებენ, ვინც იძიებენ, ვინც იქ საპოლიციო ღონისძიებას ატარებენ, იმ ადამიანების პასუხისმგებლობაა, რომ ასეთ შემთხვევებს არ ჰქონდეს ადგილი.

ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც რჩება გამოუძიებელი, რომელზეც სახელმწიფო არ რეაგირებს დროულად, ასეთი შემთხვევების გამეორების ალბათობა, რა თქმა უნდა, მეტია”, - განაცხადა იოსელიანმა.

იოსელიანის განმარტებით, იზოლატორში მონახულებულ პირებს უკვე გაეწიათ სამედიცინო დახმარება.

„აქ ვნახე ადამიანები, რომლებიც კლინიკაში იყვნენ და კლინიკიდან დაბრუნებულები არიან, აღმოუჩინეს შესაბამისი დახმარება”, - განაცხადა ომბუდსმენმა.