საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები "ოცნების" ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ემიჯნებიან

30.11.24 16:40
საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები "ოცნების" ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ემიჯნებიან

საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები "ოცნების" ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ემიჯნებიან და განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც ამჟამინდელი მონაცემებით 154 პირი აწერს ხელს. 

საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლების საჯარო განცხადება 
საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, წლების განმავლობაში ვმუშაობდით ქართული საფინანსო სექტორის რეგულირების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაზე, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა მდგრადი და სტაბილურად მზარდი საფინანსო სისტემა. 
28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება, საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან 2028 წლამდე ამოღების თაობაზე, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და არ შეესაბამება ქვეყნის ისტორიულ მისწრაფებას გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. 
საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები მხარს ვუჭერთ ქვეყნის ევროინტეგრაციის უწყვეტად და შეუქცევადად განხორციელებას. 

[განცხადება არის ღია და მას შეუძლია შემოუერთდეს ეროვნული ბანკის ნებისმიერი თანამშრომელი, შემდეგი ბმულის გამოყენებით]- წერია განცხადებაში. 

თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.