აქციაზე დაკავებული დავით გოგილაშვილი სასტიკად არის ნაცემი და ამ წუთებში, საოპერაციოდ ამზადებენ
დავით გოგილაშვილს, რომელიც აქციაზე დააკავეს, სასტიკად არის ნაცემი. როგორც მომიტინგე "პირველებთან" ყვება, ის ფუნთუშების საყიდლად, სახლიდან მაღაზიაში გავიდა, თუმცა ამ დროს მის სახლთან "ხარებას" ნიღბიანმა რაზმის წევრებმა ანგარიშსოწრების სერია დაიწყეს და უკან დაბრუნება ვერ შეძლო. ეს სწორედ ის ახალგაზრდაა, რომლის დაკავებასაც, "ტვ პირველის" რეპორტიორი ნანუკა ქაჯაია პირდაპირ ეთერში გიჩვენებდათ.
დავითი ხელწერილით გაათავისუფლეს, თუმცა ის ახლა მცხეთის კლინიკაშია და საოპერაცოდ ამზადებენ.
მე ვიყავი ასული მთაწმინდაზე, სადაც მე ვცხოვრობ ვიყიდე ბულკები. ჩამოვედი და უკვე არეულობა დამხვდა, 1-2 წუთში ხალხი გარბის, მე ვერ გავიაზრე რა ხდება. იყო რამდენიმე ტელეწამყვანი, ჟურნალისტი მათთან ერთად ვიდექი. მოვიდნენ, თითქოს არ აპირებდნენ არაფერს და მოულოდნელად დაგვიწყეს ჭიდაობა, ცემა-ტყეპა. მე და ჩემი მეგობარი გავიქეცით, დაგვიჭირეს. 7-5 ერთად მირტყამდა, მერე კიდევ ახალი წრე დგებოდა ახალი რობო-კოპები იყვნენ და ისინიც წამომარტყამდნენ. ყველას თავისი უნდა დაერტყა. ცხვირი მაქვს ახლა გატეხილი, ტუჩიც გახეთქილი, მაგრამ როდესაც მირტყამდნენ ძალიან ჩვეულებრივად გამთიშეს. თმებით მათრიეს და კიდევ გაბედავ აქ შენ ბიწო მოსვლას და სხვა ფიზიკურ შეურაცხაობებს მაყენებდნენ'', - ამბობს დავით გოგილაშვილი.
30 ნოემბრის დილა, 06:15 საათი - გამთენიისას სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები მოქმედებაზე გადავიდნენ - "ხარებას", ზვიად ხარაზიშვილის რაზმის წარმომადგენლები ბესიკის ქუჩიდან, მეტრო - "რუსთაველიდან" და თავისუფლების მოედნიდან ერთდროულად დაიძრნენ, მომიტინგეები ალყაში მოაქციეს და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.
ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ნიღბიანებმა რამდენიმე მოქალაქე ძალის გამოყენებით დააკავეს, არიან დაშავებულები.
მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირი გაწმინდეს, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა მოქალაქეებზე ნადირობა უკვე ყველა ჩიხში და გადასასვლელში დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა.
შსს-ს ცნობით, გომელაურის რაზმის თანამშრომლებმა სულ 107 მომიტინგე დააკავეს.