''ვგმობთ "ოცნების" ანტიკონსტიტუციურ და ანტიეროვნულ პოლიტიკას'' - თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები

30.11.24 18:15
''ვგმობთ "ოცნების" ანტიკონსტიტუციურ და ანტიეროვნულ პოლიტიკას'' - თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

ჩვენ, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და თანამშრომლები, ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიკონსტიტუციურ და ანტიეროვნულ პოლიტიკას, რომელიც ძირს უთხრის ქვეყნის ევროინტეგრაციულ მისწრაფებას და ემსახურება კრემლის ინტერესებს.

პატივს ვცემთ რა ჩვენი წინაპრებისა და თანამედროვეების ხსოვნას, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და სისხლი დაღვარეს რუსეთის იმპერიული მარწუხებისგან ქვეყნის გამოსახსნელად, ვაფიქსირებთ ჩვენს ურყევ რწმენას, რომ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრული ქვეყნის საგარეო კურსი ასახავს ჩვენს საუკუნეობრივ სურვილს, გავხდეთ ჭეშმარიტ ფასეულობებზე დაფუძნებული ევროპული სამყაროს წევრი," -  ნათქვამია განცხადებაში.

30 ნოემბრის დილა, 06:15 საათი - გამთენიისას სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები მოქმედებაზე გადავიდნენ - "ხარებას", ზვიად ხარაზიშვილის რაზმის წარმომადგენლები ბესიკის ქუჩიდან, მეტრო - "რუსთაველიდან" და თავისუფლების მოედნიდან ერთდროულად დაიძრნენ, მომიტინგეები ალყაში მოაქციეს და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.

ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ნიღბიანებმა რამდენიმე მოქალაქე ძალის გამოყენებით დააკავეს, არიან დაშავებულები. 

მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირი გაწმინდეს, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა მოქალაქეებზე ნადირობა უკვე ყველა ჩიხში და გადასასვლელში დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა.

შსს-ს ცნობით, გომელაურის რაზმის თანამშრომლებმა სულ 107 მომიტინგე დააკავეს.