პოლიციის მაღალჩინოსანი ვერ ასახელებს კონკრეტულად რამდენი ადამიანი დააკავეს აქციაზე
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, გოგა მემანიშვილი რესპუბლიკის მოედანზე გამოჩნდა - პოლიციის თანამშრომლები ამ წუთებში სწორედ იქ განლაგდნენ.
პოლიციის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ამ დროის მონაცემებით, ისინი ამ ტერიტორიაზე გაჩერდებიან. ამასთან, გოგა მემანიშვილი ვერ ასახელებს კონკრეტულ რიცხვს, რამდენი ადამიანი დააკავეს დღის განმავლობაში.
სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლა 07:00 საათზე დაიწყო. საპოლიციო ძალებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი, ასევე, ისვრიან ე.წ. გაზის კაფსულებსაც. მიმდინარეობს დაკავებებიც. რობოკოპები ამ წუთებში რესპუბლიკის მოედნზე განთავსდნენ.
ამ დროისთვის აქციის მონაწილეები ფილარმონიის ტერიტორიაზე იმყოფებიან. ისინი ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაადგილდებიან.