პუტინს საქართველოზე ბატონობა სურს და მხარს უჭერს "ოცნების" ძალისხმევას, ქვეყანა ევროპულ მომავალს ჩამოაშოროს - ფრიდი

01.12.24 10:49
პუტინს საქართველოზე ბატონობა სურს და მხარს უჭერს "ოცნების" ძალისხმევას, ქვეყანა ევროპულ მომავალს ჩამოაშოროს - ფრიდი

პუტინს საქართველოზე ბატონობა სურს და მხარს უჭერს "ოცნების" ძალისხმევას, ქვეყანა ევროპულ მომავალს ჩამოაშოროს - ამის შესახებ ყოფილი ამერიკელი დიპლომატი, "ატლანტიკური საბჭოს" მკვლევარი დენიელ ფრიდი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აცხადებს.

როგორც ფრიდი აცხადებს, პუტინს სძულს საქართველოს ევროპული მომავლის იდეა. 

"ვლადიმირ პუტინი ნამდვილად უჭერს მხარს "ქართულ ოცნებას" ძალისხმევაში, საქართველო ევროპულ მომავალს ჩამოაშოროს, რადგან პუტინს სძულს საქართველოს ევროპული მომავლის იდეა. მას საქართველოზე რუსეთის ბატონობა სურს. რადგან ეს არის ერთადერთი გზა საქართველო თავის იმპერიაში შეინარჩუნოს, რისი მიღწევაც მას ძალიან უნდა და როცა ის საუბრობს ქართული ოცნების გამბედაობაზე, რა თქმა უნდა სრული სისულელეა. მამაცია ქართველი ხალხი და საქართველოს პრეზიდენტი, რომლებიც ითხოვენ დემოკრატიულ მომავალს და არა კორუმპირებულ მომავალს, რომელიც ქვეყანას საბოლოო ჯამში კრემლის დაქვემდებარებაში ყოფნას უქადის," - აღნიშნა ფრიდმა.

ყოფილი ამერიკელი დიპლომატი, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლების საგარეო კურსზეც საუბრობს და ამბობს, რომ "ოცნებას" ევროკავშირში გაწევრიანების არანაირი ინტერესი არ აქვს.

"აშკარაა, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას არანაირი ინტერესი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანდეს, რადგან ისინი არ არიან დაინტერესებული დემოკრატიული რეფორმებით, რომელიც საჭიროა საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებას" ქვეყანა ავტორიტარული მიმართულებით მიჰყავს, ევროპის ძირითადი პოლიტიკური კულტურისა და სტრატეგიული ორიენტაციისგან შორს, ამის დასანახად არ გჭირდებათ, რომ ეს ამერიკელმა გითხრათ, სავსებით გასაგებია რის გაკეთებას აპირებენ ისინი. ქართული საზოგადოება პოლიტიკური თვალსაზრისით დაყოფილია, როდესაც საქმე პარტიებს ეხება, მაგრამ როგორც ჩანს ქართულ საზოგადოებას სურს ევროპული მომავალი და გასაკვირი სულაც არ არის იმ მასშტაბური დემონსტრაციების ხილვა რასაც თბილისში ვხედავთ."  - განაცხადა დენიელ ფრიდმა.