"არ გვეშინია, მოგიწევთ დათმოთ ქვეყანა" - აქციის მონაწილეები მელიქიშვილის გამზირზე იკრიბებიან
პროტესტის ეპიცენტრი ამ წუთებში მელიქიშვილის გამზირია, სადაც პროტესტის მონაწილეების რიცხვი საათობრივად იზრდება. ახალგაზრდები ამბობენ, რომ ორმაგი შემართებით არიან და პროტესტისთვის ისევ მზად არიან. მათი თქმით, რაც მეტჯერ დაარბევს მათ ხელისუფლება, მით უფრო მეტნი გამოვლენ და ამის მაგალითი წინა დღეების აქციებიც იყო.
"არ გვეშინია, მოგიწევთ დათმოთ ქვეყანა," - ამბობენ პროტესტის მონაწილეები.
რაც მეტჯერ დაგვარბევენ, მით მეტნი გამოვალთ. არავის არ ეშინია. აქედან მივმართავ, თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ ახალგაზრდებს ან უფროს თაობას, დედების თაობას და ბებიების თაობასაც კი იმით შეაშინებენ, რომ დღეს დაგვარბევენ და ხვალ აღარ გამოვალთ, ნათელი მაგალითი იყო გუშინდელი აქციაც, გუშინწინდელი აქციას, დღეს კიდევ უფრო მეტნი ვიქნებით. ასე რომ, „ქართული ოცნება“, ცოტა გონს მოეგეთ ჭაობში ნუ ჩაიყვანთ ამ ქვეყანას ბოლომდე, იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან მოგიწევთ ამ ქვეყნის დათმობა და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მალე მოგიწევთ, ამიტომ, რაც უფრო მარტივად დათმობთ ამ ქვეყანას, ისევ თქვენთვის და ჩვენთვის იქნება უკეთესი, იმიტომ, რომ ისევ ამ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ, ერთად უნდა ვიცხოვროთ და ძალიან გთხოვთ, ნუ გააკეთებთ ისე, რომ წლების დასჭირდეს ქვეყანას, რომ პროგრესის გზას დაუბრუნდეს, - ამბობს აქციის მონაწილე.
კიდევ ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა გაერთიანება და ის სიმართლეა, რომელიც მათ ახლა გააჩნიათ.
ჩემი შემართება ასეთია, რომ ქვეყანას სჭირდება გაერთიანება, სიყვარული. აი, ახლა რაც აქ სუფევს, ეს არის სიყვარული. ჩემი და შენი აქ არ არის, ყველას გვაქვს საზიარო ყველაფერი. ჩემი სიგარეტი არის ნებისმიერის სიგარეტი, ვიღაცა ხაჭაპური მოგვიტანა. აი, აქ არის ბედნიერება. ყველაზე მდიდრები და ყველაზე სავსეები ვართ აქ. სიმართლეს რაოდენობა არ სჭირდება. იესო ხომ ერთი იყო, ჯორდანო ბრუნოც ხომ ერთი იყო? 5 მართალი კაცი რომ დგას, 5 მართალი კაცია, 5 მლნ ბრბო რომ დგას, 5 მლნ ბრბოა. ეს არის ძალიან ბევრი უკვე, - ამბობს მოქალაქე.
ღამენათევი აქციის მონაწილეები ახლა ძალებს იკრებენ, რათა შემდეგ ისევ პარლამენტთან გადაინაცვლონ და პროტესტის განაგრძონ. მელიქიშვილის გამზირზე ამ წუთებში მოქალაქეები მიდიან და აქციის მონაწილეებს სხვადასხვა საკვებით უმასპინძლდებიან.