აღარ გვაქვს პროფესია, აღარ გვაქვს კონსტიტუცია და აღარ გვაქვს ქვეყანა, უნდა გავიმარჯვოთ! - კახა კინწურაშვილი
მსახიობი კახა კინწურაშვილი, რომელიც ამ წუთებში ჭავჭავაძის გამზირზე აქციაზე იმყოფება, ამბობს, რომ "ოცნებამ" ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია და ამას მათ მხოლოდ ოკუპანტი რუსეთი უწონებს. ხელოვანი მოქალაქეებს სთხოვს, გამოვიდნენ გარეთ და დაიცვან თავისი შვილები, რომლებსაც ძალოვანები სასტიკად უსწორდებიან.
ქვეყანა მოაქციეს იზოლაციაში და ერთადერთი, ვინც ამას უწონდებს, არის ის ქვეყანა და ის მმართველი, ვინც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სისხლი დაღვარა, ვინც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს და ეს არის მოცემულობა. მინდა ვთხოვო, ზოგ-ზოგიერთს საახლობლოში თუ სანაცნობოში, ბოლო ბოლო, როცა შვილები არიან გარეთ, როცა შვილებს სცემენ, გასაგებია, რომ რაღაც პოზიციები გაქვს და თითქოს გეოპოლიტიკური ამბებით ჟონგლიორობთ, თიტქოს იცით, რა პროცესები მიდის სამყაროში, მაგრამ ფაქტი ხომ ერთია, ხომ ხედავთ, ახალგაზრდებს როგორ იმეტებენ, უბრალოდ, ის მაინც თქვით, რომ „ჩვენს შვილებს ნუ ურტყამთ“. მეტი არაფერი, დანარჩენი მე ასახსნელი არავისთან არაფერი მაქვს. ეს ყველაფერი აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება. ხალხს არ აქვს პარტიული ინტერესების, ხალხს აქვთ მომავლის ინტერესები. მთავარია, ჩვენ გავიმარჯვოთ, დავიბრუნოთ ცხოვრება, იმიტომ, რომ ჩვენ აღარ გვაქვს პროფესია, აღარ გვაქვს კონსტიტუცია და აღარ გვაქვს ქვეყანა, - ამბობს კახა კინწურაშვილი.
პროტესტის ეპიცენტრი ამ წუთებში მელიქიშვილის გამზირია, სადაც პროტესტის მონაწილეების რიცხვი საათობრივად იზრდება. ახალგაზრდები ამბობენ, რომ ორმაგი შემართებით არიან და პროტესტისთვის ისევ მზად არიან. საღამოს 19:00 საათზე შეკრებილები უკვე პარლამენტთან გადაინაცვლებენ.