დაკავებულები სპეცრაზმის წევრების მხრიდან მიზანმიმართულ ანგარიშსწორებაზე მიუთითებენ, აღენიშნებათ დაზიანებები - ომბუდსმენი
სპეცრაზმის მიერ სასტიკად ნაცემი და შემდეგ პოლიციის მიერ დაკავებული აქტივისტების შესახებ ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს. სახალხო დამცველის ინფორმაციით, ორ დღეში სულ 125 დაკავებული მოინახულა, საიდანაც უმრავლესობას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ. ლევან იოსელიანი ფაქტს საგანგაშოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ საქმეების ნაწილი საგამოძიებო სამსახურს გამოსაძიებლად უკვე გადასცა.
სახალხო დამცველის აპარატმა, ამ დროისთვის, 2024 წლის 28-30 ნოემბერს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული/დაშავებული 125 პირი მოინახულა. 81 მათგანის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას გასული ორი დღე-ღამის განმავლობაში უკვე მიეწოდა.
გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დამატებით მოინახულეს 30 ნოემბერს დაკავებული 44 პირი, რომელთაგან 38-მა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითა (რეაგირება არ ისურვა 11-მა). 26 დაკავებულს სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებოდა, უმეტესად, დაზიანებები ხილულად სახის არეში აღენიშნებოდათ.
საგანგაშოა, რომ დაკავებული პირები მიუთითებენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან მიზანმიმართულ ანგარიშსწორებაზე. დაკავებულთა ნაწილის გადმოცემით, ისინი ალყაში მოაქციეს, არ აძლევდნენ გარიდების შესაძლებლობას, რა დროსაც სამართალდამცავები განურჩევლად ურტყამდნენ აქციის მონაწილეებს. დაკავებულების ნაწილის თქმით, არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარნენ არამხოლოდ უშუალოდ დაკავების მომენტში, არამედ, შემდგომშიც - ავტომობილში ყოფნის დროს.
დაკავებულების განმარტებით, აქამდე უკვე არსებული პრაქტიკის მსგავსად, დაკავება და სავარაუდო არასათანადო მოპყრობა მათ მიმართ ხორციელდებოდა სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მიერ, ხოლო შემდეგ, მათი გადაცემა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის ხდებოდა.
საყურადღებოა, რომ დაკავებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი პირადი ნივთების (მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, საფულე მასში განთავსებული ფულადი თანხით და სხვა) ჩამორთმევაზე მიუთითებს, რომელთა შემდგომი ბედი მათთვის უცნობია.
სახალხო დამცველის აპარატი, პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი დაკავებულის შესახებ, პარალელურ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. სამსახურს აპარატმა ასევე მიაწოდა საჯარო წყაროებში ასახული არაერთი ვიდეომასალა და ინფორმაცია, სადაც ვლინდებოდა პოლიციის მხრიდან მოქალაქეებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტები.
სახალხო დამცველის რწმუნებულები ამ წუთებშიც განაგრძობენ დაკავებული პირების, მათ შორის ჟურნალისტების მონახულებას და შედეგების შესახებ მოხდება საზოგადოების დამატებითი ინფორმირება.
უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში, - ნათქვამია განცხადებაში.