დაუთმეთ ეთერი ხალხს! - საზმაუსთან ხმაურია

01.12.24 20:25
დაუთმეთ ეთერი ხალხს! - საზმაუსთან ხმაურია

პროტესტის კიდევ ერთი კერა კოსტავას ქუჩა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიაა. გზის სავალი ნაწილი აქციის მოანწილეებმა აქაც ჩაკეტეს. მოქალაქეები პირველ არხთან დღეს ახალი მოთხოვნებით მივიდნენ: ვასილ მაღლაფერიძის და თინათინ ბერძენიშვილის გარდა თანამდებობები უნდა დატოვონ დეპარტამენტების ხელმძღვანელებმაც. აქციის მონაწილეების თქვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი პირები "ქართული ოცნების" სამსახურში არიან.

"შეგვიშვით ეთერში!" - ითხოვენ პროტესტის მონაწილეები. 

„მე, როგორც ჟურნალისტს, დღეს მიწევს, რომ მოვიდე და დავიცვა საზოგადოებრივი არხი. გუშინ, ვასილ-ივანოვ ჩიქოვანი, თქვენი კოლეგა, თანამშრომელი, საინფორმაციოს წამყვანი არ დაჯდა პირდაპირ ეთერში იმის გამო, რომ შეუტანეს მას დაწერილი ტექსტი და არ წაიკითხა. ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში იყო. მას ლაშა ბუღაძემ გადასცა თავისი მიკროფონი, რომ ეს ყველაფერი ეთქვა. ეს არის სრული სიმართლე. ჩვენ არ გაბულინგებთ, მით უმეტეს, კოლეგა ხარ, როგორ უნდა დაგაბულინგო. აბსოლუტურად ყველაფერი მესმის, მაგრამ ის, რომ შალვა პაპუაშვილი ლაპარაკობს და პარალელურად, ხმა ჩაწყვეტილი, პატარა ფანჯარაში კადრი გადის, იქ რა ხდება და ისიც სხვა რაკურსით დაყენებული, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ეს არის პროპაგანდის ნაწილი“, - განაცხადა ჟურნალისტმა სოფო ხუნწარიამ.

ხმაურის კიდევ ერთი ეპიზოდი იყო მაშინ, როცა სოფო ხუნწარიას არხის პროდიუსერმა უპასუხა. მაია ჭუჭულაშვილი ამტკიცებს, რომ ის ჟურნალისტებზე ზეწოლას არ ახდენს. 

მე ვარ, ის ადამიანი, რომელიც ვასკას პროდიუსერია. მაინტერესებს, რა ტექსტი შევუტანე? კი, ვასკამ მოიტყუა. არცერთი სიტყვა არ ჩამისწორებია მის ტექსტში. მოვიდეს,  და მე მითხრას, რომ ტექსტი შევუტანე“, - განაცხადა მაია ჭუჭულაშვილმა.