განათლების სისტემაში დასაქმებული 1 000-ზე მეტი ადამიანი “ოცნების“ გადაწყვეტილებას ემიჯნება

01.12.24 23:09
განათლების სისტემაში დასაქმებული 1 000-ზე მეტი ადამიანი “ოცნების“ გადაწყვეტილებას ემიჯნება

განათლების სამინისტროში, სკოლებში, უნივერსიტეტებში, ბაღებში, რესურსცენტრებში, მანდატურის სამსახურში და სხვა სტრუქტურებში დასაქმებულები „ქართული ოცნების“ განცხადებას ემიჯნებიან და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

მათი თქმით, ისინი ერთგულნი რჩებიან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მისი სისტემის თანამშრომლების განცხადება: ჩვენ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მისი სისტემის თანამშრომლები, საჯარო მოსამსახურეები წლების მანძილზე ვემსახურებით დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნულ ინტერესს. ჩვენთვის ეს გულისხმობს ევროპული განათლების სისტემის შენებას, რომელიც შექმნის თანაბარ შესაძლებლობებს თითოეული ადამიანისათვის, კონკურენტუნარიანს გახდის ქართველ ახალგაზრდასა და მეცნიერს, მისცემს შესაძლებლობას შეუერთდეს მაღალი სტანდარტების სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეს და უზრუნველყოს საქართველოს დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს შენება-გაძლიერება.

ვთვლით, 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გუშინდელი განცხადება არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ვაცხადებთ, რომ ერთგულნი ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი“, – წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს, ამ დროისთვის, 1 000-ზე მეტი ადამიანი აწერს.