"შესახლების პროცესი არ არის დასრულებული და ჯერ ადვოკატს არ უშვებენ" - გიორგი დავითური ზაჰესის იზოლატორში გადაიყვანეს
რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე სპეციალური დანიშნულების რაზმებმა, სულ მცირე, 15 პირი დააკავეს - ხელბორკილები ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელს, გიორგი დავითურსაც დაადეს.
როგორც "პირველების" კორესპონდენტი იტყობინება, IDFI-ის წარმომადგენელი ზაჰესის იზოლატორში მიიყვანეს, თუმცა იურისტის განმარტებით, ადვოკატს ამ დრომდე შიგნით არ უშვებენ, რადგან შესახლების პროცესი დასრულებული არ არის.
უფლებადამცველი "პირველებთან" საუბრის დროს იმასაც აცხადებს, რომ გიორგი დავითურს დაკავებამდე სხეულის არეში ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
ჯერ შესახლებული არ არის. აქ არის ფიზიკურად, მაგრამ ადვოკატს არ უშვებენ, რადგან ჯერ პროცესი დაწყებული არ არის. ველოდებით, რომ ვნახოთ, აქვს თუ არა ფიზიკური დაზიანებები. დილით დააკავეს, თუ არ ვცდები რუსთაველზე. ალყაში როცა მოაქციეს დემონსტრანტები და დაიწყეს დაკავებები, მანდ იყო გიორგი. დაკავების დროს არ ჰქონდა დაზიანებები და გვაინტერესებს, როგორ განვითარდა პროცესი. შესახლების პროცესი არ არის დასრულებული და ჯერ ადვოკატს არ უშვებენ. ალბათ, სავარაუდოდ, მანქანაშია გაჩერებული", - ამბობს იურისტი.
ცნობისთვის, აქციის მონაწილეების დაშლა ძალოვანებმა დილის 6:30-ზე დაიწყეს.
მოვლენათა ქრონოლოგია ასე განვითარდა:
- მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე განლაგებულმა საპოლიციო ძალებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და მოქალაქეებისკენ დაიძრნენ, მომიტინგეებმა მწყობრად, რუსთაველის მეტროსკენ გადაადგილება დაიწყეს, რა დროსაც მოულოდნელად, მათი მიმართულებით ნიღბიანები დაიძრნენ და რამდენიმე მოქალაქე ძალის გამოყენებით დააკავეს.
- დევნის ოპერაციისას მომიტინგეებმა აღმოაჩინეს, რომ რესპუბლიკის მოედანი და რუსთაველის მეტროსთან მდებარე კოსტავას ქუჩა პოლიციამ ჩახერგა და დემონსტრანტები ალყაში მოაქცია.