აქციაზე სისხლის სამართლის კოდექსით დაკავებული ერთ-ერთი პირი დიღმის სამმართველოში გადაიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირი დიღმის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.
როგორც მისი უფლებადამცველი, ვახო მთიულიშვილი "პირველებთან" სატელეფონო ინტერვიუში აცხადებს, დაკავებულს ბრალი, სავარაუდოდ, დღეს საღამოს, ან ხვალ წარედგინება.
ბრალი ჯერ წარდგენილი არ აქვს. ველოდებით გამომძიებლის დასტურს, რომ შევიდეთ. სავარაუდოდ, დღეს საღამოს ან ხვალ წარუდგენენ. ედავებიან პოლიციელზე ძალადობას, ჯერჯერობით მეტი არ ვიცი", - ამბობს ვახო მთიულიშვილი.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით 17 და 21 წლის პირები დააკავეს.
უწყების ცნობით, დაკავებულ 2007 წელს დაბადებულ მ.გ-ს და 2003 წელს დაბადებულ გ.მ-ს 7- წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.