"ჩვენი სტუდენტების უმრავლესობა ქუჩაში დგას, დაუშვებელია ხელისუფლების მიერ მათზე ხელის აღმართვა!" - თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორები

02.12.24 14:22
"ჩვენი სტუდენტების უმრავლესობა ქუჩაში დგას, დაუშვებელია ხელისუფლების მიერ მათზე ხელის აღმართვა!" - თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორები

საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

ისინი "ქართული ოცნების" მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას ემიჯნებიან და საპროტესტო აქციაზე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას გმობენ.

საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს მოქალაქეების ურყევ ნებას, იცხოვრონ ევროპულ სახელმწიფოში. ბოლო დღეებში ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ, ხელისუფლების მიერ, კონსტიტუციით გარანტირებული პროტესტის უფლების უხეში დარღვევა და მოქალაქეებთან სასტიკი დაპირისპირების შემზარავი ფაქტები.

ჩვენი სტუდენტების უმრავლესობა დღეს დგას ქუჩაში და იბრძვის ევროპული მომავლისთვის.
დაუშვებლად მიგვაჩნია ხელისუფლების მიერ მათზე ხელის აღმართვა!

სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენი სტუდენტებისა და სრულიად საქართველოს ახალგაზრდობის პროტესტს. ვდგავართ მათთან ერთად ჩვენი საერთო მომავლის დასაცავად", - ნათქვამია განცხადებაში.