"მცემეს, შემდეგ პარლამენტის უკან შეკრებილ სპეცრაზმელებთან მიმიყვანეს და იქ კიდევ კორიდორში გამატარეს" - ოქრუაშვილი
სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი, დავით ოქრუაშვილი, რომელიც რუსთაველის გამზირზე 29 ნოემბერს დააკავეს, ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
დავით ოქრუაშვილი "პირველებთან" ინტერვიუში იხსენებს, რომ მასზე 5-მა სამართალდამცველმა რამდენიმე ეტაპად იძალადა - "მცემეს, შემდეგ პარლამენტის უკან შეკრებილ სპეცრაზმელებთან მიმიყვანეს და იქ კიდევ კორიდორში გამატარეს".
დავით ოქრუაშვილის ცნობით, რომელსაც დაზიანებები მთელი სახის არეში აღენიშნება, "ხარებას" რაზმის წარმომადგენლებმა დაკავების მომენტში ჯიბეებიდან პირადი ნივთები ამოაცალეს.
მე პირადად 5-მა სპეცრაზმელმა მცემა. ცემის შედეგად გავითიშე. ამომაცალეს ყველაფერი ჯიბეებიდან, ტელეფონი, გასაღები. ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა მომკიდა ხელი და პარლამენტის უკან შეკრებილ სპეცრაზმელებთან მიმიყვანა. იქ კიდევ კორიდორში გამატარეს, იქაც მცემეს და მერე პოლიციასთან მიმიყვანეს. მანქანაზე რომ ვიყავი მიყუდებული, სახეს მბანდა ერთი პოლიციელი და სპეცრაზმი მოვიდა და წიხლი ჩამარტყა.
გამიკეთეს ოპერაცია თვალთან. საფეთქელთან მაქვს გაბზარული. ცხვირის ძგიდე მაქვს დაზიანებული. ფაქტობრივად, ვერ ვსუნთქავ. ყურის უკან მაქვს დაზიანებები. სახეზე ყველგან დაზიანება მაქვს. ყველა მხარეს მომხვდა", - ამბობს დავით ოქრუაშვილი.