"რუსული სტილის ხელწერაა, როდესაც ცხვირ-პირს გილეწავენ" - ლაზარე მაღლაკელიძე კლინიკაში რჩება
20 წლის ლაზარე მაღლაკელიძე, რომელიც დღეს დილით საპროტესტო აქციაზე დააკავეს, ცხვირის მოტეხილობითა და ტვინის შერყევით ინგოროყვას კლინიკაში რჩება.
აქტივისტის ბიძა, არჩილ გულედანი "პირველებთან" ყვება, რომ ახალგაზრდას სხეულის არეში მძიმე დაზიანებები აღენიშნება, რადგან მისივე განმარტებით, ლაზარე მაღლაკელიძე სპეციალური დანიშნულების რაზმის სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანამდე გახდა.
ეს არის ჩვეულებრივად რუსული სტილის ქვეყნის ხელწერა, როდესაც უკვე სადღაც წასულს ქუჩაში დაგიჭერენ და მერე სამაგალითოდ დაგსჯიან, რომელიღაც მარშუტკაში შუქს ჩაგიქრობენ, თავზე გადაგაფარებენ, ათას საშინელებას გეუბნებიან, გემუქრებიან, ცხვირ-პირს დაგილეწავენ და იმას მოგთხოვენ, რომ ხელი მოაწერო იმაზე, რაც არ მომხდარა", - ამბობს აჩიკო გულედანი.