"ვალდებულები ვართ, ვიბრძოლობთ ევროპული მომავლისთვის" - განათლების სამინისტროსთან პედაგოგები შეიკრიბნენ

02.12.24 17:54
"ვალდებულები ვართ, ვიბრძოლობთ ევროპული მომავლისთვის" - განათლების სამინისტროსთან პედაგოგები შეიკრიბნენ

აქციაა ამ წუთებში განათლების სამინისტრსოთან. სტუდენტების და ლექტორების შემდეგ ქუჩაში მასწავლებლები გავიდნენ. პედაგოგები ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას ითხოვენ. აქციის მონაწილეების სიმრავლის გამო ქუჩის ორი სავალი ნაწილი უკვე გადაიკეტა. 

სხვადასხვა სკოლების მასწავლებლებს სოლიდარობას ადგილობრივი მოსახლეობაც უცხადებს. მოქალაქეებმა სახლების ფანჯრებიდან საქართველოს და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს. 

პედაგოგები ამბობენ, რომ არ აქვთ უფლება, სკოლებში იყვნენ ისე, თითქოს ქვეყანაში არაფერი ხდებოდეს. მათი თქმით, ახლა საჭიროა იმ ახალგაზრდების გვერდზე იდგნენ, რომელთა წინააღმდეგაც "ქართული ოცნება" არაპროპორციულ ძალას იყენებს. 

ზუსტად ისეთივე ბრაზი და ისეთივე პროტესტი მაქვს, როგორც სხვა მასწავლებლებს, არ აქვს მნიშვნელობა სკოლის თუ უნივერსიტეტის. მინდა ვთქვა, რომ ასე არ შეიძლება. ჩვენ გვაქვს ჩვენი უფლებები, ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები და ჩვენი ხმა უნდა გაიგონოს ყველა საჯარო მოხელემ მიუხედავად იმისა, არის ეს განათლების და მეცნიერების სამინისტრო თუ ნებისმიერი სხვა უწყება, - ამბობს აქციის მონაწილე. 

აქციის მონაწილე კიდევ ერთი პედაგოგი ამბობს, რომ ახალგაზრდების გვერდში დგომა ახლა მათი ვალდებულებაა.  

ჩვენს ქვეყანაში ახლა ერთმნიშვნელოვნად მიმდინარეობს პროცესი, რომელსაც ჰქვია საქართველოს კონსტიტუციის გზიდან გადახვევა და საქართველოს საგარეო კურსის შეცვლა. ჩვენ, როგორც მასწავლებლები, რომლებიც ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს მოსწავლეებს ჰქონდეთ უკეთესი მომავალი და ევროპული მომავალი და დასავლური განათლება, ვალდებულები ვართ, რომ ახლა დავდგეთ აქ და ვიბრძოლოთ იმ ადამიანების უკეთესი მომავლისთვის, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანნი არიან ჩვენთვის, - ამბობს პედაგოგი.