მოსამართლე ცეკვავამ ზვიად რატიანი 8-დღიან პატიმრობაში გაუშვა

02.12.24 22:59
მოსამართლე ცეკვავამ ზვიად რატიანი 8-დღიან პატიმრობაში გაუშვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ პოეტ ზვიად რატიანს, რომელიც საპროტესტო აქციაზე დააკავეს, 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ინფორმაციას ადვოკატი ალეკო ცქიტიშვილი ავრცელებს.

„ზვიად რატიანს სასამართლომ შეუფარდა 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. საავადმყოფოდან მოსული კაცი პირდაპირ სასამართლოდან მიყავთ საპატიმროში

ტაში!
მოსამართლე ზვიად ცეკვავა ცეკვავს!

ადამიანის უფლებათა ცენტრი ამ გადაწყვეტილებას ხვალვე გაასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოში“, – დაწერა მან.

ზვიად რატიანის ახლობლების ცნობით, მან დაკავებისას მიიღო მძიმე ფიზიკური დაზიანებები – მოტეხილობა და დაჟეჟილობები.

ადმინისტრაციული სამართალწარმოება პოლიციას ამ დროისთვის 200-ზე მეტი მოქალაქის მიამრთ აქვს დაწყებული.