ვეღარ ვსუნთქავდი, ისე მირტყეს... ერთმა თქვა, "მოდი, თითი მოვტეხოთო" - ნაცემი აქციის მონაწილე
სპეცრაზმის მხრიდან სასტიკ ანგარიშსწორებაზე საუბრობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე. გიორგი ჩუტკერაშვილი, რომელიც ამ წუთებშიც მკურნალობას კლინიკაში გადის, მასზე განხორციელებული სასტიკი ძალადობის დეტალებს იხსენებს.
ამბობს, რომ ძალადობის რამდენიმე ეპიზოდი იყო. მისი თქმით, უმოწყალოდ სცემეს დაკავების შემდეგაც, როდესაც უკვე მინივენში ჩასვეს.
დამაგდო ვიღაც სპეცრაზმელმა. მაგ დროს ვიღაცამ კეფაში დამარტყა. იყო მუქარები, „აი, ახლა შენ ნახავ, რაც მოგივა, ცოცხალი თუ გადარჩები საერთოდ“. მანქანაში შემაგდეს. გარეთ მდგომები მაგინებდნენ, დამცინოდნენ, შეძახილები ჰქონდათ, სეირს უყურებდნენ. ვეღარ ვსუნთქავდი, ისე მირტყამდნენ და ვყვიროდი, ღვიძლში ნუ მირტყამთ-მეთქი. რომ ამოვისუნთე, ჩამოიწია, სახე გამისწორა და „კარგად ხარო?“ და მეთქი, კი. მოიქნია ხელი და ცხვირში დამარტყა. ერთმა მითხრა, როგორ ჯანზე ხარ, ვერაფერი გიქენითო და მეორე იძახის, „მოდით, თითი მოტეხეთო“. ხელი მოტეხვას შეეცადნენ, ვგრძნობ, რომ სადაცაა მომტყდება ხელი და მაგ დროს შემოვიდა ის უფროსი და უთხრა, რომ მაგას ნუ აკეთებო და კეფაშ ნუ ურტყამთო.მაინც არ გაითვალისწინეს მაგის აზრი, მაინც მომხვდა კეფაში ერთი ათჯერ. წიხლი, ფეხი, მუშტი, ხელშ რაღაც პლასტმასები ჰქონდათ, ყველაფერი მირტყეს. ფოტო გადამიღეს, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ვირაცისთვის უნდა ეჩვენებინა. ეს ჩატები აინტერესებდათ, როგორ აორგანიზებო. მე ვუთხარი, არაფერს ვაორგანიზებ, უბრალოდ, მონაწილე ვარ და ბრაზი გამოვხატე, - ამბობს აქტივისტი.