ნოემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 1.3 პროცენტი შეადგინა

03.12.24 11:42
ნოემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 1.3 პროცენტი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.3 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 1.6 პროცენტით განისაზღვრა.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.1%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.0 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (15.5%), ყავა, ჩაი და კაკაო (7.8%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (7.0%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ზეთი და ცხიმი (5.0%), ხილი და ყურძენი (3.6%), თევზეული (1.3%), პური და პურპროდუქტები (0.9%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.5%). ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (-1.5%);

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.6%-ით, რაც 0.35 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (23.4%), დაზღვევა (12.9%), საფინანსო მომსახურება (4.5%), პირადი ჰიგიენა (3.6%);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.1%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.34 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (7.5%), ისე თამბაქოს ნაწარმზე (2.1%);

კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.9%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.48 პროცენტული პუნქტით აისახა;

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.7%-იანი კლება, რაც -0.32 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-5.2%) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (-2.7%). ამასთან, ფასები მომატებულია საცხოვრებლის მიმდინარე მოვლასა და შეკეთებაზე (5.8%).