“აქტიური ადამიანია, არ აწყობთ იყოს გარეთ და ცდილობენ ამით სხვებიც დააშინონ“ - დოდი ხარხელის სახლთან მეგობრები იმყოფებიან
სამოქალაქო აქტივისტის, დოდი ხარხელის სახლთან პოლიციაა მობილიზებული - ამ წუთებში საგამოძიებო უწყების თანამშრომლებს სადარბაზოს შესასვლელი გადაკეტილი აქვთ და ოჯახის ახლობლებს და მეგობრებს შესვლის უფლებას არ აძლევენ.
როგორც ადგილზე მყოფები ამბობენ, ხარხელის სახლში არასრულწლოვანი ბავშვია, რომელიც შეშინებულია და მასთან შესვლას ვერ ახერხებენ.
ბავშვია შიგნით, დარეკა ბიძასთან მოდი, მიშველეო და ვერ ახერხებენ შესვლას“, - ამბობს ნინია კაკაბაძე “ტვ პირველთან“.
მეგობრები მიიჩნევენ, რომ “იმის გამო, რომ დოდი აქტიური ადამიანია, არ აწყობთ იყოს გარეთ და ასევე ცდილობენ ამით სხვა ადამიანებიც დააშინონ.“
ისინი ამბობენ, რომ მეგობართან დაკავშირებას ვერ ახერხებენ და ინფორმაცია მისი ქმრისგან შეიტყვეს.
ქვეყანაში, რომელშიც არის რუსული რეჟიმი, რომელსაც ემორჩილება პროკურატურა, სუსი, სასამართლო და სხვა უწყებები, არავითარი მიზეზი არ სჭირდებათ აქტიური ადამიანების გასანეიტრალებლად და სხვების დასაშინებლად. დოდი აქტიური ადამიანია, არ აწყობთ იყოს გარეთ, ცდილობენ ამით ასევე დააშინოს სხვა ადამიანებიც და ეს ცირკი მოაწყვეს. არავინ არანაირ ინფორმაციას არ იძლევა. თუ ახლა გავჩუმდებით, გავჩუმდებით სამუდამოდ“, - ამბობს ხარხელის მეგობარი.
სამოქალაქო ატივისტის, დოდი ხარხელის სახლში ამ წუთებში ჩხრეკა მიმდინარეობს. სახლში მიიყვანეს თავად დოდი ხარხელიც.
დოდი ხარხელი შვილის საბავშვო ბაღთან დააკავეს. მისი დაკავების კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.